ნიკა გვარამია - ჩვენ გავერთიანდით საჭიროებისა და პასუხისმგებლობის ირგვლივ, ეს არის ჩვენი შემაკავშირებელი

ავტორი
Front News საქართველო
ერთმანეთის სიყვარულის ირგვლივ არ გავერთიანებულვართ, ჩვენ გავერთიანდით საჭიროებისა და პასუხისმგებლობის ირგვლივ, ეს არის ჩვენი შემაკავშირებელი, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ბრძოლაში საჭიროა სინერგია.
"კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია, იმიტომ კი არა, რომ ცალ-ცალკე ჯგუფებთან საუბარი ეზარება ვინმეს, უბრალოდ, დრო არ გვაქვს, სინერგია გვჭირდება. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ერთმანეთის სიყვარულის ირგვლივ არ გავერთიანებულვართ, ჩვენ გავერთიანდით საჭიროებისა და პასუხისმგებლობის ირგვლივ - ეს არის ჩვენი შემაკავშირებელი და შემდუღებელი და არა ერთი იდეოლოგია, ერთმანეთის სიყვარული ან სხვა.
გადაწყვეტილებებს ვიღებთ რთულად, მაგრამ ვიღებთ, ჯერჯერობით არ გაგვჭირვებია არაფერი. თუ პრობლემები იქნება გადაწყვეტილების მიღების საკითხში, მაშინ ვიტყვით ამის შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით ამ ტიპის პრობლემები არ არის. მე პირადად, ამხელა მოლოდინები არ მქონდა, რთული მოცემულობაა, კვირაში სამჯერ მაინც გვიწევს შეკრება და პრაქტიკულად, მთელი დღე მუშაობა, ეს არ არის მარტივი, ჩვენ ძალიან დიდ დროს ვატარებთ ერთად ადამიანები, რომლებიც არ ვიკვეთებოდით ერთმანეთთან ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებისდა გამო და მე მგონია, რომ ეს მიმართულება, გრავიტაციის შექმნა საჭიროა საზოგადოებრივი სპექტრისთვისაც. ჩვენ წარსული ტრავმები ვერ უნდა გვიშლიდეს ხელს იმაში, რომ კარგ მომავალში შევაბიჯოთ იმიტომ, რომ წარსულის მეხსიერება საჭირო და სასარგებლო რამ არის, მაგრამ ხშირად ტრავმა ღუზასავით არის და უკან გქაჩავს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თაგები:
ნიკა გვარამია




