Logo

ნიკა გვარამია - ჩვენი ძალა იმაშია, რომ მხოლოდ ჩვენ გვაქვს ამ რეგიონში ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი და არ უნდა დავუშვათ, ამაში სომხეთმა ჩაგვანაცვლოს

პოლიტიკა
186
Frontnews image description

თუ ირანის ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნების მომენტს მომზადებულები არ დავხვდით, შეიკვრება ირანი-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის კვადრატი და სამუდამოდ დავრჩებით ჩიხად და რუსეთის ღარიბ სატელიტად, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

"ძალიან სამწუხარო ტექსტი მოვისმინე დავოსში აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან. როგორც ქართველმა მინდა ვთქვა, რომ ის, რომ დავოსში საქართველო არ არის (რაც სრული კატასტროფაა), ის რომ ყველასგან გარიყული ე.წ. მთავრობა გვყავს, რომელიც საერთაშორისო პარიაცაა და გიჟივით იქცევა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის და მთავარ ქვეყნობისთვის არა მარტო კავკასიაში, არამედ შავი და კასპიის ზღვების აუზებში. ეს ქართველი ხალხის ისტორიული მონაპოვარია, ჩვენი წინაპრების მონაპოვარი, ჩვენი თაობების არჩევანი და ჩვენი მომავალი თაობების სურვილი. ამიტომ არ დავთმობთ, რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყნის შიგნით! არ დავუთმობთ არავის!

როგორც ვხედავთ და როგორც მკაფიოდ ჩანს, ირანის გათავისუფლების პერსპექტივა სერიოზული გეიმ ჩეინჯერია ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთის რეგიონში, რაშიც მე შავი ზღვის და კასპიის ზღვის აუზებს მოვიაზრებ. და თუ ირანის ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნების მომენტს მომზადებულები არ დავხვდით, შეიკვრება ირანი-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის კვადრატი და სამუდამოდ დავრჩებით ჩიხად და რუსეთის ღარიბ სატელიტად, ბიძინა ივანიშვილი კი გეოპოლიტიკური სასაფლაოს დირექტორად სიცოცხლის ბოლომდე.

ეს არ უნდა დავუშვათ არავითარ შემთხვევაში!

ესაა ისტორიული ამოცანა, სწორედ, თორემ ქოცი იყო მმართველობაში, თუ მარსიანელი, ეს ისტორიას საერთოდ არ დააინტერესებს.

ჩვენი ძალა იმაშია, რომ მხოლოდ ჩვენ გვაქვს ამ რეგიონში ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი და არ უნდა დავუშვათ, რომ ამაში სომხეთმა ჩაგვანაცვლოს.

დროა, მკაფიოდ ისიც ითქვას, რომ თბილისის შემდეგ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი, მიზიდულობის ცენტრი, გნებავთ მეორე დედაქალაქი არის ბრიუსელი, მკაფიოდ და ცალსახად - ბრიუსელი", - წერს ნიკა გვარამია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები