ნიკა გვარამია - ეს არის ქვეყანა, რომელიც ყოველდღიურად უფრო ღრმად ეფლობა დიქტატურაში და დიქტატურა უნდა დაემხოს

ავტორი
Front News საქართველო
ეს არის პირველი ნაბიჯი თავის უფლებამოსილებაში, რაც გადადგა ახალმა შს მინისტრმა გელამ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის გატაცება და არა დაკავება.
"ჩვენი კოალიცია ამას არ ვეძახით დაკავებას, ეს არ არის კანონიერ ჩარჩოში მიმდინარე დაკავება. ჩატარდა სპეცოპერაცია, რომელიც შედგებოდა თვალთვალისგან, მიდევნებისგან და მერე გატაცებისგან. კლასიკური ოპერაციაა, რომელსაც ადამიანის გამტაცებლები აკეთებენ. ეს არის დანაშაული კიდევ უფრო მეტად, თუ ამას ჩადის სახელმწიფო. ეს ასე მოხდა, ეს არის პირველი ნაბიჯი თავის უფლებამოსილებაში, რაც გადადგა ახალმა შს მინისტრმა გელამ და რაც დაიწყო, კიდევ უარესად დასრულდება ოღონდ არა მელიასთვის, არამედ მისთვის.
ნიკა გაიტაცეს, ახლა 173-ე მუხლი რომ წერია - სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელისო, გეტყვით ამბავს როგორ განვითარდა - ადამიანს მოუწყვეს ჩასაფრება, დაახვედრეს პატრულის მანქანა, გააჩერეს უკანა მანქანა - ნიკას მანქანა და უთხრეს, რომ დაბურვის გამო უნდა დაგაჯარიმოთო. რომ ნახეს, მელია მანქანაში არ იყო, მივიდნენ წინა მანქანასთან, შეხედეს, რომ მელია ზის და გადასცეს შემდეგი ტექსტი - ობიექტი ადგილზეა. ამის შემდეგ იწყება გატაცების ოპერაცია, მოდის ერთდროულად ათზე მეტი მანქანა, ოღონდ კრიმინალური პოლიციის, ერთი სამარშრუტო ტაქსის და ფეხოსნები გამოდიან ტყიდან. მითხარით, იცოდნენ რომ მანქანაში მელია შეაგინებდათ და უცებ მობილიზებული 100-ზე მეტი პოლიციელი ჰყავდათ? ამას თუ დაკავება ჰქვია, ჰქვია წინსწრებით დაკავება. ასეთი რამე არ მომხდარა.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება. ეს არის ქვეყანა, რომელიც ყოველდღიურად უფრო ღრმად ეფლობა დიქტატურაში და დიქტატურა უნდა დაემხოს, მეტი გამოსავალი არ არსებობს. ადამიანებს, პოლიტიკოსებს იტაცებენ ქუჩებიდან, დევნიან, უსაფრდებიან. ამას არაფერი არ ჰქვია.
ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ნიკა მელია აქ არის - დიღმის იზოლატორში. ახლაც გრძელდება მისი უკანონო დაკავების პროცესი, როცა აქ არის და არ გვეუბნებიან ამას.
ბოლოს მინდა ვთქვა, ახლა ადგილობრივ თვითმმართველობაზე კვლავ არის კითხვის ნიშნები, უნდა მივიღოთ თუ არა მონაწილეობა?! როცა უმსხვილესი ოპოზიციის ლიდერს ქუჩიდან იტაცებენ, როგორ ჩატარდება არჩევნები?!", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მელია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. არსებული ინფორმაციით, ის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
თაგები:
ნიკა გვარამია




