Logo

ნიკა გვარამია - კი არ გვეზარება ან გვეშინია, მაგრამ ვინმე დაგვიტოვეთ გარეთ, "ქოცებო", რა ვიცი, ამბის მომტანი რომ გვყავდეს მაინც

პოლიტიკა
146
Frontnews image description

ვინმე დაგვიტოვეთ გარეთ, „ქოცებო“. რა ვიცი, ამბის მომტანი რომ გვყავდეს მაინც, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კოალიციის ოთხივე ლიდერი ციხეშია და მათთან ერთად უკვე გუნდის წევრებიც.

"გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. სულ რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა სოხუმიდან ენგურის ხიდის გავლით საქართველოში. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს და ბოლოს უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნეს. თინეიჯერი იყო აქ რომ დაიწყო დამკვიდრება. არავინ იცოდა, თვითონაც არავის იცნობდა, ძალიან უჭირდა. დამკვიდრდა. ძალიან გაიზარდა ცოდნითაც და პიროვნულადაც. მე რომ მკითხო, ერთ-ერთი საუკეთესო "სპიკერია" ახალგაზრდა პოლიტიკოსებში და მარტო ზურა და „გირჩი“ კი არა, მთელი კოალიცია ვამაყობთ, რომ გელა გვყავს - გულანთებული ქართველი  პატრიოტი, ერთადერთი ეთნიკური აფხაზი ქართულ პოლიტიკაში (ბოდიში თუ გამომრჩა ვინმე, უბრალოდ არ მახსენდება) და უშიშარი და დაუღალავი აქტივისტი.

აი, ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა და ზუსტად ყველაფერი იმისთვის, რაც ზემოთ დავწერე.

თავისუფლება გელას!

თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს! ოლიგარქია უნდა დაემხოს!

p.s. კოალიციის ოთხივე ლიდერი ციხეში ვართ, ჩვენი საბა (სხვიტარიძე) მთლად წამების მსხვერპლია და ისიც ზის. აგერ ახლა გელაც. კი არ გვეზარება ან გვეშინია, მაგრამ ვინმე დაგვიტოვეთ გარეთ, „ქოცებო“. რა ვიცი, ამბის მომტანი რომ გვყავდეს მაინც“, - წერს ნიკა გვარამია.

შსს-ს ინფორმაციით, "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი გელა ხასაია წუხელ ღამით დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. მათ მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და შემდეგ მიმალვა ედებათ ბრალად. დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement