Logo

ნიკა გვარამია – მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უწყვეტი წამების რეჟიმში

პოლიტიკა
13.11.2021 / 21:57
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილისათვის ყოველი საათი არის წამების საათი და ყოველი წუთი მისთვის ატარებს სასიცოცხლო მნიშვნელობას, – ამის შესახებ მიხეილ საკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, მოშიმშილე მესამე პრეზიდენტი, გარდა იმისა, რომ მძიმე მდგომარეობაშია, იმყოფება მუდმივი წამების ქვეშ. 

 

“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე. არანაირი გამოხმაურება ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მზადაა შეწყვიტოს შიმშილობა იმ პირობებში თუ ის  შიმშილობის შედგომი რეაბილიტაციის  პერიოდში იქნება შესაბამის კლინიკაში გადაყვანილი, არანაირი გამოხმაურება ამაზე სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა. განვმარტავ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის გლდანის ციხეში შიმშილობის შეწყვეტა უფრო საფრთხისშემცველია, ვიდრე შიმშილობის გაგრძელება. 

 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, მაგრამ მთავარია, რომ ის იმყოფება უწყვეტი წამების რეჟიმში. სამედიცინო დახმარების გაწევა მისთვის რეალურად არ ხდება, ამას გარდა მასზე ხდება მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა. იგი ვერ აღებს ფანჯარას, ვერ აქრობს შუქს, იმიტომ რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში იწყება გარედან ფაქტობრივად, ფსიქოლოგიური შტურმი, არა მხოლოდ გინება, არამედ მუქარები, რომ ახლა შემოვალთ და გაგისწორდებით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად არ სძინავს ამ ვითარებაში. პრაქტიკულად, იგი იმყოფება წამების იმ ფორმის ქვეშ, რასაც ქვია მუდმივი ხმაური და ანთებული შუქის ქვეშ ყოფნა. ორივე საერთაშორისო კონვენციებით განიხილება, როგორც წამება, როდესაც ადამიანს არ აძლევენ ძილის საშუალებას”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

მისივე თქმით, მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, რომ მისი ეგიდით შეიქმნას  კონსილიუმი პარიტეტულ საწყისებზე.  

 

გვარამია ასევე რეაგირებისკენ მოუწოდებს იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროებს.

Advertisement