ნიკა გვარამია – მოგიწოდებთ, გაატაროთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ზომა ჟურნალისტის უსაფრთხოების დასაცავად

ავტორი
Front News საქართველო
ჟურნალისტი ბექა ყორშია არის მუქარების ობიექტი და საქართველოში არსებული უამრავი პრეცედენტის გათვალისწინებით, შეუძლებელია მის მიმართ ანგარიშსწორების რისკების უყურადღებოდ დატოვება, – წერს “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
“ბექა ყორშიას სიუჟეტი, შეიძლება ითქვას, ანატომიური თეატრია. ბექამ სისტემა საჯაროდ გაკვეთა და მისი შიგნეულობა ამოალაგა. არაფერი სხვა: არც გამოკვლევა, გამოძიება, არც ინტერპრეტაცია, არც შეფასება, მხოლოდ სისტემის თვითაღიარება: ვერ მოედავები, ვერსაიდან შემოუვლი, მიკერძოებულობას ვერ დააბრალებ.
ამიტომაცაა სისტემის ანატომიის ამსახველი ეს 10 წუთი. ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი, ზუსტი და ადვილად აღსაქმელი მხილება. ამიტომაც არის ეს 10 წუთი, ალბათ, გაცილებით საშიში სისტემისთვის, ვიდრე შეფასებების, გამოძიებების, ახსნა-განმარტებების, მსჯელობებისა და რთული კონსტრუქციების საათები, დღეები, თვეები და, შესაძლოა, წლებიც. ამიტომაც არის ახალგაზრდა, ღრმად განათლებული, ფასეულობების ერთგული, ორიგინალურად მოაზროვნე გამბედავი პატრიოტების ადგილი იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავლის საკითხები წყდება – იქნება ეს მედია, პოლიტიკა, სამოქალაქო საზოგადოება თუ სხვა.
აქებ აიშროყ, ვამაყობ შენით, მიყვარხარ და გგულშემატკივრობ ყველა შენს წამოწყებაში.
აქვე, მივმართავ ყველას, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების ჩათვლით, ასევე, სახალხო დამცველს (მისი არაადეკვატური და მისსავე მანდატს აცდენილი შეფასების მიუხედავად): ჟურნალისტი ბექა ყორშია არის მუქარების ობიექტი და საქართველოში არსებული უამრავი პრეცედენტის გათვალისწინებით, შეუძლებელია მის მიმართ ანგარიშსწორების რისკების უყურადღებოდ დატოვება. მოგიწოდებთ, გაატაროთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ზომა ჟურნალისტის უსაფრთხოების დასაცავად. ვითარებაზე პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე სრულად ეკისრება ხელისუფლებას. საზოგადოებასაც მინდა ვთხოვო ყურადღება და მხარდაჭერა ამ მიმართულებით”, – წერს გვარამია.
“მთავარი არხის” ჟურნალისტი ბექა ყორშია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს როინ მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატის მრჩეველი. მან მეტრეველს არაფორმალური სახით ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.
მეტრეველმა ყორშიას უპასუხა, რომ აკადემია “სრულფასოვნად უჭერს” მხარს ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭებას და ეს მოხერხდება.
სიუჟეტს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა და ჟურნალისტი გააკრიტიკა.
“83 წლის ადამიანს, რომ ასე მოექცევი არ არის ყველაზე საამაყო რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია”, – წერს იოსელიანი Facebook-ზე.
სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როინ მეტრეველის შვილიშვილებმა “ყველას დაურეკეს, რომ სიუჟეტი ეთერში არ გასულიყო”.
ყორშიას თქმით, მუქარებით მისი შეშინება შეუძლებელია და “არც რომელიმე საელჩოში მისვლას და ქვეყნიდან პოლიტიკური დევნის გამო გაქცევას არ აპირებს”.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnika.gvaramia.129%2Fposts%2Fpfbid0VComWb1MqFnpNgS2w8ewxQ4dmkmnunbrn4J4BMEycfrxpfqHMPCoXNiGcVxvcgKUl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”285″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
ნიკა გვარამია




