ნიკა გვარამია – საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს რა არის ბორდი, არავის კადრი არ ვარ, საკუთარი თავის გარდა

ავტორი
Front News საქართველო
“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ინფორმირებული არ არის “ნაციონალურ მოძრაობაში” ბორდის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ ის არავის კადრი არ არის.
“ამაზე არ გვისაუბრია იმიტომ, რომ მე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს რა არის ბორდი, შესაბამისად, მისი თავმჯდომარე ვერ ვიქნები და არც ვიქნები. რაც შეეხება კადრს, კარგია, რომ ფორმულა მისვამს შეკითხვას კეზერაშვილზე, ეს გამბედაობა სწორია. მე არავის კადრი არ ვარ, საკუთარი თავის გარდა.
რაც შეეხება დათოსთან ჩემს დამოკიდებულებას, რაც არ უნდა ხდებოდეს მათ ცხოვრებაში და მათ შორის პოლიტიკური შეხედულებები დაახლოვდება თუ დაშორდება ერთმანეთს, მეგობრებს არ ივიწყებენ და მათზე უარს არ ამბობენ.
მე მგონია, რომ ეს დაპირისპირება უნდა მოგვარდეს, ამის იქით მე პოზიცია არ მაქვს, მხარეებმა უნდა გამონახონ ძალა და წყენებზე მაღლა დადგნენ. მესმის, რომ ყველა მხარეს თავის სიმართლე მოჰყავს, მაგრამ მე მგონია, რომ სიმართლე ერთია – ამ ქვეყანაში რუსები უნდა დამარცხდნენ და დასავლეთმა უნდა გაიმარჯვოს, საამისოდ ამ პარტიამ განსაკუთრებით, როგორც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს”, – განაცხადა გვარამიამ “ფორმულასთან” “ვივამედიდან” გამოსვლის შემდეგ, სადაც ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
გვარამიას თქმით, მისი გეგმებიც საქართველოში რუსების დამარცხებას და პროდასავლური მიმართულების გამარჯვებას უკავშირდება.
თაგები:
ნიკა გვარამია




