ნიკა გვარამიამ რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება დატოვა


ავტორი
Front News საქართველო
“მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება დატოვა.
რუსთავის ციხესთან მას ოჯახის წევრები, “მთავარი არხის” თანამშრომლები, მეგობრები და თანამებრძოლები ელოდნენ.
ნიკა გვარამიას თქმით, ის დღეს შეწყალებას არ ელოდა.
ამასთან, მან ბოდიში მოუხადა სალომე ზურაბიშვილს, რადგან მის გამო პრეზიდენტზე თავდასხმები იქნება.
“ვიდეოები, რომელსაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ, მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო”, – განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ ასევე ზურაბიშვილს მოუწოდა, გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
გვარამიას თქმით, ის აპირებს, რომ ახლა “მთავარ არხში” მივიდეს.
მისივე განცხადებით, “მთავარ არხს” გიორგი გაბუნია უხელმძღვანელებს.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, მან ჯერ არ იცის რას გააკეთებს, მას ამაზე არ უფიქრია ციხეში და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, “მთავარი არხი” მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან პრიორიტეტად დარჩება.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.
2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
თაგები:
ნიკა გვარამია

სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ნიკა გვარამია – აღმოჩნდა, რომ მე თურმე მასამართლებს „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორი ზაზა გველესიანი

დღეს, 14:00 საათზე, ყოფილი პოლიტპატიმრებისა და მსხვერპლთა ოჯახების წევრების ორგანიზებით, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქცია გაიმართება