ნიკა მელია - ამ წუთის მდგომარეობით პროკურორები ხვალინდელ პროცესზე არ გამოცხადდებიან, არც ბრალდებული

ავტორი
Front News საქართველო
"კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ მის სასამართლო სხდომაზე პროკურორები არ გამოცხადდებიან.
"როგორც იცით, ხვალინდელ პროცესში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, გასაგები და ცნობილი მიზეზების გამო. დაველოდებოდი განაჩენს სხვა ადგილას. რამდენიმე წუთის წინ, ადვოკატს, გიორგი კონდახაშვილს სასამართლომ დაურეკა და საინტერესო ამბავი შეატყობინა - ცნობილმა, ორმა პროკურორმა გოგონამ წერილობით მიმართეს სასამართლოს, რომ ისინი ხვალ, მთელი დღის განმავლობაში იქნებიან ტრენინგზე. შესაბამისად არ იქნებიან თბილისში და ვერ დაესწრებიან პროცესს და სთხოვეს, რომ სასამართლომ საპატიოდ ჩაუთვალოს გაცდენა.
შესაბამისად ამ წუთის მდგომარეობით პროკურორები ხვალინდელ პროცესზე არ გამოცხადდებიან, არც ბრალდებული, არც პროკურორი - ასეთი მდგომარეობა გვაქვს", – განაცხადა ნიკა მელიამ.
29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რის გადახდასაც ის არ აპირებს და სავარაუდოა, რომ შემდეგ სხდომაზე პროკურატურა მის პატიმრობას მოითხოვს.
მისთვის შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” კიდევ ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.
საპარლამენტო კომისიაზე არ მივიდნენ, მაგრამ გირაო გადაიხადეს მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძემ და გივი თარგამაძემ.
გირაოს გადაუხდელობის გამო დაპატიმრებული არიან ირაკლი ოქრუაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე.
თაგები:
ნიკა მელია




