ნიკა მელია – ეს რეჟიმი არის საბჭოთა რეჟიმი, ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ იქნება ამ დღეებში ურთულესი


ავტორი
Front News საქართველო
ტექნოლოგიური შესაძლებლობები რომ ყოფილიყო განვითარებული, საბჭოთა რეჟიმი ზუსტად ისე მოიქცეოდა, როგორც მოიქცა “ქართული ოცნების” ხელისუფლება გუშინ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო კადრების გასაჯაროებით ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოს პრესტიჟი შეურაცხყვეს.
“ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე, გამარჯვებამდე, სიცოცხლის რისკის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, უმწვავესი გამოწვევის წინაშე მყოფი სახელმწიფოს გადასარჩენად. დღეს მიხეილ სააკაშვილის ყოფნა-არყოფნის საკითხი არის მომდევნო ათწლეულის ბედის განმსაზღვრელი საკითხი.
ის, რაც გუშინ იკადრა ბიძინა ივანიშვილმა, ეს იყო არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ამით რისი ჩვენება უნდოდათ ამ ამორალურ ხალხს, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალადობს ვინმეზე? პირიქით, ემპათია გაიზარდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. სერბსკის საავადმყოფო იყო ასეთი და არის ახლაც მოსკოვში, სადაც დისიდენტებს ათავსებდნენ, სადაც ზვიად გამსახურდიაც ჰყავდათ 1977 წელს მოთავსებული, როგორც არასტანდარტულად მოაზროვნე, რეჟიმისთვის საშიში ადამიანი, ზუსტად ასე ექცეოდნენ მას. მაშინ იმ წლებში ზუსტად მერაბ კოსტავა ყავდათ აქ, თბილისში, ორთაჭალის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტილი, ნაზი შამანაურიც ასევე. იმ დროს რომ ტექნოლოგიური შესაძლებლობები ყოფილიყო განვითარებული, საბჭოთა რეჟიმი ზუსტად ისე მოიქცეოდა, როგორც მოიქცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გუშინ, შესაბამისად, ეს რეჟიმი არის საბჭოთა რეჟიმი. ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ იქნება ამ დღეებში ურთულესი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია