ნიკა მელია – მოლაპარაკების პროცესს ყველანაირად ხელს შევუწყობთ

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება” შეწუხებულია, რომ შესაძლებლობა არ მივეცით, სისხლი დაეღვარათ, ვარაუდით არ ვსაუბრობ, კონკრეტული მათი განზრახვების შესახებ გვქონდა ინფორმაცია, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომელიც პარტიის ოფისთან მდებარე კარავში ათობით თანაპარტიელთან და მხარდამჭერთან ერთად შიმშილობს.
მისივე თქმით, მასობრივი შიმშილობის ეს აქცია არაფრით არ ეწინააღმდეგება პრეზიდენტის მიერ დაწყებულ “ეროვნული თანხმობის” პროცესს.
“კატეგორიულად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ჩვენი ეს უმძიმესი აქტი, მშვიდობიანი და არაძალადობრივი, რაიმე სახით ხელს შეუშლის ჯერ კიდევ ემბრიონის სახით მოცემულ მოლაპარაკების პროცესს, მეტიც, ვამბობთ, რომ ყველანაირად ხელს შევუწყობთ. საკუთარი ფიზიკური მონაწილეობითაც ამ პროცესში, ვეცდებით, რომ მიზერული შანსი, რომელიც არსებობს და მეტი არ არის სამწუხაროდ, გარდა მიზერულისა, ამ წუთის მდგომარეობით, გადავზარდოთ რეალურ შანსში. მე პირადად, უკვე მივიღე მოწვევა ქალბატონი ზურაბიშვილისგან და მექნება მასთან შეხვედრა ორშაბათ დღეს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერი აცხადებს, პროცესების რადიკალიზაციას უსამართლო სასამართლო, პოლიტიკური მართლმსაჯულება და ჩინოვნიკების მიერ ქვეყნის მოსახლეობის ძარცვა ახდენს.
“როდესაც რადიკალიზაციაზე საუბრობს რეჟიმი და თითს იშვერს სხვაგან, თითი პროკურატურისკენ უნდა გაიშვიროს, უსამართლო სასამართლოსკენ, პოლიციისკენ გაიშვიროს, რომელიც პარტიულ აქტივისტებად აქცია, გაიშვიროს გამდიდრებული კლანის წევრებზე, რომლებიც აღატაკებენ ამ ქვეყნის მოსახლეობას და იპარავენ, პირდაპირი პირდაპირი გაგებით იპარავემ ფულს, ეს აღარ არის კორუფცია, ეს არის ფულის მოპარვა”, -განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
თაგები:
ნიკა მელია




