ნიკა მელია – პირი, რომელიც თბილისში ქართველებს რუსულად აგინებდა, რუსი ოლიგარქის შვილია, ის უკრაინაში რუსულ აგრესიას აფინანსებს

ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე, რომელიც მარჯანიშვილის ქუჩაზე ქართველებს აგინებდა, პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის ალექსანდრ კოპილკოვის შვილია.
პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, პაველ კოპილკოვი საქართველოში უპრობლემოდ შემოუშვეს, ინციდენტის შემდეგ კი მხოლოდ რამდენიმე საათით დააკავეს.
“ეს პირი, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უპრობლემოდ და უკონტროლოდ შემოუშვა საზღვარზე, აღმოჩნდა, პუტინის გარემოცვის ოლიგარქის ალექსანდრ კოპილკოვის შვილი პაველ კოპილკოვი. ის პოლიციამ მხოლოდ რამდენიმე საათი დააკავა და რამდენიმე საათშივე გაათავისუფლა გასაგები მიზეზების გამო.
პაველ კოპილკოვის ოლიგარქი მამა, პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან, სირიაში, ყირიმსა და უკრაინის ომში. მის ოჯახს მოხვეჭილი აქვს უზარმაზარი ქონება რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტების და დღეს ეს ოჯახი ცხოვრობს თბილისში.
კოპილკოვი არის გასამხედროებული ორგანიზაციის სპონსორი, ორგანიზაციის, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში. ის არის უშუალო პარტნიორი პუტინის უახლოესი გარემოცვის, ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების, ალეშერ უსმანოვის და იგორ შეჩინის, რომელზეც უკრაინაში ომის პირობებში ერთ-ერთ პირველებზე დაწესდა საერთაშორისო სანქციები.
კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან. ასე მუშაობს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თვალს ხუჭავს რეალურ საფრთხეზე და უკრაინაში ტერორიზმის სპონსორებს უშვებს საქართველოში, აცხოვრებს თბილისში. ამ ერთი ფაქტიდან გამომდინარე, ვინმეს სჯერა, რომ მსგავსი რუსეთის მოქალაქეები პუტინის რეჟიმს გამოურბიან რუსეთიდან საქართველოში? და მათ ომი არ უნდათ? მოვუწოდებ ხელისუფლებას, კონკრეტული ოლიგარქის მისი ოჯახის წევრების თაობაზე, გააკეთოს სწრაფად განმარტებითი განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიცია ცნობილის საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ისინი გვერდს ვერ აუვლიან განმარტებას. მათ უნდა გააკეთონ განმარტება ქართული საზოგადოებისთვის, უკრაინული საზოგადოებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, როგორ ხდება, რომ რუსი ოლიგარქის ოჯახის წევრები დღეს თბილისში ცხოვრობენ, იმ ოლიგარქის ოჯახის წევრები, რომლებიც აფინასებენ ტერორიზმს უკრაინაში. სწორედ ასეთი ფაქტები აფუჭებს კიდევ უფრო ურთიეთობას საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის. ამიტომ, იმედია, დღის ბოლომდე ხელისუფლება, განსაკუთრებით გომელაური გამობრძანდება და გააკეთებს განცხადებას, ან აღიარებს, რომ ისინი თავიდან ბოლომდე არიან დეკლარირებულადაც უკვე რუსეთის კონტროლის ქვეშ, ან გასცეს პასუხი საერთაშორისო საზოგადოებას ბრიუსელში, სტრასბურგში, აშშ-ში, საქართველოსა და უკრაიანაში”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია




