ნიკა მელია – ყველაფერს აკეთებენ, რომ ახდეს რუსული ოცნება და საქართველო არ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი


ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებდად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევით “ქართულმა ოცნებამ” თავხედურად გამოიწვია საზოგადოება და დასავლეთი, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები სასამართლო სისტემაში.
“ლევან მურუსიძე და გვრიტიშვილი აქამდეც იყვნენ სასამართლო სისტემაში გავლენიან პოზიციებზე და ამ თანამდებობებზე არჩევით კიდევ უფრო გაუადვილდებათ მათნაირი მოსამართლეების დანიშვნა.
სასამართლო საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული, კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუს ოლიგარქს და არავის სხვას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე განცხადებით, ხელისუფლება არ აპირების ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას.
როგორც მელია აღნიშნავს, ხელისუფლება იქცევა შარლ მიშელის შეთანხმებისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საპირისპიროდ, მიხეილ ჩინჩალაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ნიშნავს, მურუსიძესა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად.
“ნაციონალური მოძრაობი”ს თავმჯდომარე დასავლელ პარტნიორებს ამ საკითზე თავიანი პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდებს.
“გუშინ მომხდარი ფაქტი ცხადყოფს, რომ ეს ხელისუფლება პრინციპულად არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას, მეტიც, მათი ქმედებიდან ცალსახად იკვეთება, რომ ყველაფერს აკეთებენ, რომ ახდეს რუსული ოცნება და საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და გვეხმარებიან საქართველოს ევროპული მისწრაფების განხორციელებაში, მოახდინონ დროული რეაგირება და შესაბამისი შეფასება მისცენ ამ ფაქტს. ნათელია, რომ რეკომენდაციების შესრულების თეორიული შანსიც კი დაკარგულია. მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან სიცხადის შეტანა, რომ საზოგადოებამ მათგანაც იცოდეს, რომ ამ ყალბი პროცესის საპარლამენტო კენჭისყრებამდე მიყვანა არის სიყალბე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია