ნიკა მელია – როდესაც ამას ბედავს ფსევდო პრემიერ-მინისტრი, რა თქმა უნდა, აქ წილი ნაყარია და გასაგებია, სად ვართ


ავტორი
Front News საქართველო
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელ მსოფლიოში არ უნდა იყოს არაკონტროლირებადი, ოლიგარქების მიერ კონტროლირებადი რეჟიმები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
“უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია გეოპოლიტიკური პროცესების დაჩქარება – სამყაროში ყველაფერი ორად გაიყო და ყველას მოუწია პოზიციის დაფიქსირება, მათ შორის საქართველოს ფსევდო ხელისუფლებას, რომელსაც ქვეყნის მართვის სადავეები აქვს მიტაცებული… მათი დაფიქსირებული პოზიციაა ღია, რუსული საგარეო პოლიტიკური კურსი.
ბევრი სახელმწიფო და მათ შორის ჩვენ, ნატოში მივილტვით, რადგან ის არის უსაფრთხოების გარანტი. ამის ფონზე ბატონი ღარიბაშვილი საზოგადოების ნაწილს ფსევდო ღირებულებებით ესაუბრება ფსევდო მშვიდობაზე და ამბობს, რომ ნატო სინამდვილეში არ შექმნილა რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების გამო, არამედ რუსეთი გახდა ოკუპანტი იმიტომ, რომ ნატო შეიქმნა. როდესაც ამას ბედავს ფსევდო პრემიერ-მინისტრი, რა თქმა უნდა, აქ წილი ნაყარია და გასაგებია, სად ვართ – ბევრისთვის ეს გაუგებარი იყო.
ბუნებრივია, სანქციები მოსალოდნელია… ხელისუფლება ქვეყნის შიგნით მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას დაუპირისპირდა და მათ შორის, საკუთარი პარტიის ამომრჩევლის დიდ ნაწილსაც კი.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელ მსოფლიოში არ უნდა იყოს არაკონტროლირებადი, ოლიგარქების მიერ კონტროლირებადი რეჟიმები.
როგორ შეიძლება, სანქციების დაწესება-არდაწესების საკითხი აქტიურად დღის წესრიგში არ დამდგარიყო?! სამარცხვინო, მოღალატეობრივი ფურცელი დაწერა ღარიბაშვილმა, როდესაც ნატოსთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.
რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსი გვინდა და ამას ქართველი ხალხი იმსახურებს, რასაც მთელი დასავლეთი და დემოკრატიული სამყარო ამბობს, მაგრამ ქართველ ხალხს არა სტატუსი, არამედ ევროპული სახელმწიფო, განათლება, ეკონომიკა, ცხოვრების სტანდარტი და მართლმსაჯულება უნდა.
ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანას რაც შეიძლება სწრაფად ჰყავდეს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, რომელიც ამ მთავრობას კი არ ჩაანაცვლებს, არამედ შეცვლის და იქნება დემოკრატიულ წეს-წყობილებაზე ორიენტირებული.
ოპტიმიზმის უფლებას მაძლევს ის, რასაც ვხედავ – ბევრი საქართველოს მოქალაქე სწორ პოზიციაზეა, თუნდაც შარშანდელ წელთან შედარებით”, – განაცხადა ნიკა მელიამ “მთავარის” ეთერში.
თაგები:
ნიკა მელია