ნიკა მელია – რუსული ოცნების ხელისუფლების ყოველი დღე არის არა მარტო სტაგნაცია, უკუსვლა და მხოლოდ ცუდი აწმყო, არამედ ცუდი მომავალი

ავტორი
Front News საქართველო
ღარიბაშვილი თავს გვაწონებს 10%-იანი ზრდით და აქვე ჩვენს მეზობელ სომხეთში წლიური ზრდა იქნება 13%, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შესახებ პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ღარიბაშვილი ციფრებით მანიპულირებს, როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე ლაპარაკობს, სინამდვილეში კი, მოსახლეობას უჭირს და ხშირად საკვების ფულიც კი არ აქვს.
“ხელისუფლება დაუღალავად გვიმტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა განიცდის უპრეცედენტო წინსვლას, დაჟინებით ამტკიცებს, თუმცა ავიწყდება ეკონომიკური წინსვლა და ეკონომიკური ზრდა არის ის, რასაც მოქალაქეების უმეტესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. სხვა ყველაფერი ციფრებით ჟონგლიორობაა, მანიპულირებაა და თვალებში ნაცრის შეყრაა. რუსული ოცნება გვესაუბრება ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდაზე, – 10 პროცენტზე, მაშინ როდესაც 2023 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ზრდა 5 პროცენტია. ეს მაშინ, როდესაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ფასების ზრდამ დაახლეობით 25 პროცენტი შეადგინა. ეს ნიშნავს, შეიძლება გვაქვს სულ ოდნავ მეტი ფული, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი, რისი ყიდვაც გვიწევს, ბევრად უფრო ძვირი ღირს. ღარიბაშვილი თავს გვაწონებს 10-პროცენტიანი ზრდით და აქვე ჩვენს მეზობელ სომხეთში წლიური ზრდა იქნება 13%“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ბოლო წლებში უპრეცედენტოთ გაზრდილია სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა.
“2015 წელს ქვეყანაში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იყო 390 ათასი ადამიანი, 2021 წლის ბოლოს 660 ათასი. მხოლოდ 6 წელიწადში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 270 ათასით გაიზარდა,“, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროინდელი ეკონომიკური ზრდა რომ შენარჩუნებულიყო, ქვეყნის ეკონომიკა 15 მილიარდით გაიზრდებოდა.
“რეალურად, ქვეყანის ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ 15 მილიარდი ლარით, რაც ძალიან ცოტაა, ოცნების პერიოდში საშუალო წლიური ზრდა 4,1 % იყო, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არსებული ზრდა – 6, 24% რომ შენარჩუნებულიყო, დამატებით ერთი ამდენით, ანუ, დაახლოებით, 15 მილიარდით გაიზრდებოდა ქვეყნის ეკონომიკა. რომ არა ხელისუფლების ეს ეკონომიკური კრახი, შემცირდებოდა მიგრაცია, პენსია იქნებოდა 600 ლარი, საშუალო ხელფასი 3 ათასი ლარი“, – განაცხადა მელიამ.
ოპოზიციის ლიდერის განცხადებით, ენერგეტიკაში ინვესტირება პრემიერ-მინისტრის მორიგი სიცრუეა და ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება. მისივე თქმით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ოპოზიციის ერთადერთი ამოცანას ამ ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენს. “რუსული ოცნების ხელისუფლების ყოველი დღე არის არა მარტო სტაგნაცია, უკუსვლა და მხოლოდ ცუდი აწმყო, არამედ ცუდი მომავალი, სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ სწრაფად და ჩამოვაშოროთ რუსული ოცნება მართვის ბერკეტებიდან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია




