ნიკა მელია – საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ყველა ჩვენი ძალისხმევა, მოქმედება და აქტივობა მიმართული იქნება ამ მიზნის მისაღწევად


ავტორი
Front News საქართველო
ოლიგარქის “რუსული ოცნება” ყველაფერს აკეთებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების, ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების საწინააღმდეგოდ. ხელისუფლება დაუპირისპირდა ხალხს და ასეთი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მალე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დასაკარგი დრო არ გვაქვს, დღეს არსებული უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება მალე დაიხუროს და ამაზე პასუხს ვაგებთ ყველა.
სწორედ ამიტომ, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ყველა ჩვენი ძალისხმევა, მოქმედება და აქტივობა მიმართული იქნება ამ მიზნის მისაღწევად.
რა არის ჩვენი სტრატეგიული გეგმა?
პირველი – მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად.
მეორე – უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან – ვესაუბრებით ყველგან ქალაქებსა და სოფლებში, ყველგან – სკვერებსა და ქუჩებში – ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობის თაობაზე.
მოქალაქეებს წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ – მდიდარი სახელმწიფო, წარმატებული ადამიანებით, სადაც გამორიცხული იქნება ძალაუფლების კონსოლიდაცია ადამიანების ერთი ჯგუფის ხელში.
თავდადებით და შემართებით უნდა გავაჩინოთ გამარჯვების რწმენა, გავაძლიეროთ ნდობა და გავააქტიუროთ მეტი და მეტი საქართველოს მოქალაქე.
მესამე – უცხოელ პარტნირეობთან ინტენსიური კომუნიკაცია – აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ რუსული ოცნების პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლურ გზას და რუსული ორიენტირი აირჩია.
ვაღიაროთ, ასეთი განწყობა არ იყო არც 2020 და არც 2021 წლებში.ამ მოძრაობის შედეგად, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობითა და საერთაშორისო ზეწოლის გენერირებით, პოლიტიკური აქტივობების და პროტესტის მზარდი მასშტაბებით, ინტენსივობითა და მუხტით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.
განსხვავებით წინა წლებისგან, დღეს არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდეს.
ჩვენ მხარესაა მორალური უპირატესობა და აქამდე უპრეცედენტო საზოგადოებრივი ერთიანობა! მთავარია არ დავიღალოთ, ჩვენი თანმიმდევრულობით და ორგანიზებულობით, იდეის ერთგულებით, ჩვენი ერთობით, პრინციპულობითა და თავდადებით ჩამოვშალოთ რუსული ოცნება.
ჩვენ უნდა გავხდეთ ამბიციური სახელმწიფო, სადაც ადამიანები ბრუნდებიან და საიდანაც არ მირბიან. სწორედ ამისთვის არის საჭირო ვადამდელი არჩევნები!
ვადამდელი არჩევნებით ყველა თავისი გემოვნებით აირჩევს მისთვის სასურველ პარტიას, მაგრამ ჩვენ ყველას ერთად და ცალ-ცალკე მოგვეცემა საშუალება ავირჩიოთ ევროპა!”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია