ნიკა მელია – ზუსტად რომ კითხვებს უნდა ვსვამდეთ და ამაზე ვსაუბრობდეთ იმისათვის, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები

ავტორი
Front News საქართველო
სტიქიური უბედურებები ხდებოდა, ხდება და მოხდება; მნიშვნელოვანია რას ვსწავლობთ, ვითვალისწინებთ და როგორ ვიცავთ თავს, რომ შემდეგმა სტიქიურმა უბედურებამ ნაკლები მსხვერპლი მოიტანოს – სამწუხაროდ, არაფრით, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
“მესმის, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ ბევრი ემოცია ირევა ერთმანეთში, ერთის მხრივ ვგლოვობთ და ვწუხვართ, მეორეს მხრივ ადამიანებს აქვთ სრული უმწეობის განცდა და კითხვები – სად გველოდება საფრთხე და სად შეიძლება თავი იგრძნონ უსაფრთხოდ, რა შეიძლება მოხდეს იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც ისინი ცხოვრობენ, ან დასასვენებლად გადაწყვეტენ ოჯახების წაყვანას, სად არიან უსაფრთხოდ და სად არის საფრთხე.
ბუნებრივია, თითოეული ადამიანი გლოვობს ამ ტრაგედიას, თუმცა ტრაგედია არ შეიძლება იყოს წესად ქცეული ქვეყანაში, სწორედ მსგავს სტიქიურ უბედურებებზე არასწორი რეაგირება აქცევს მათ წესად და არა გამონაკლისად.
ხელისუფლება ბინძურად და ამორალურად ცდილობს, ამ უბედურებას მოარგოს გარკვეული პროპაგანდა და ბუნებრივ კითხვებს უწოდოს ოპოზიციის დესტრუქცია, თუმცა ზუსტად რომ კითხვებს უნდა ვსვამდეთ და ამაზე ვსაუბრობდეთ იმისათვის, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები და იმას რაც პროგნოზირებადი, განჭვრეტადი და რაც მთავარია თავიდან არიდებადია, არ ვუწოდოთ შემთხვევითობა.
სტიქიური უბედურებები ხდებოდა, ხდება და მოხდება, მნიშვნელოვანია რას ვსწავლობთ, ვითვალისწინებთ და როგორ ვიცავთ თავს, რომ შემდეგმა სტიქიურმა უბედურებამ ნაკლები მსხვერპლი მოიტანოს – სამწუხაროდ, არაფრით”, – განაცხადა მელიამ.
თაგები:
ნიკა მელია




