ნიკოლოზ გოგუაძე - ქარელის პოლიციის შენობაში უმოწყალოდ გვცემეს, პრაქტიკულად, მუდმივად გონებადაკარგულები ვიყავით


ავტორი
Front News საქართველო
"2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ნიკოლოზ გოგუაძემ გაიხსენა, რომ ყინწვისის მონასტრის ეზოში ცემის შემდეგ, მას და მის თანმხლებ პირებს ქარელის პოლიციის შენობაში სცემეს.
"მონასტრის ეზოში რამდენიმე ადამიანი სცემეს. მე, რამაზ ღვალაძე და მიხეილ ცილიკიშვილი გვცემეს უშუალოდ ყინწვის კომპლექსში. იარაღის კონდახები მირტყეს. ქარელში მაგრად გაგვისწორდნენ. ქარელის პოლიციის შენობაში ყველანი უმოწყალოდ გვცემეს. სადაც გვცემდნენ, იმის ფანჯრები იყო გაღებული და დანარჩენი ხალხი ჩამწკრივებული ჰყავდათ დაბლა, შემოსასვლელში, იმათ ასმენინებდნენ, როგორც გვცემდნენ. ცემა იყო კონდახებით, ფეხით, ხელ-კეტით. ჩემს მუცელსა და ზურგზე დახტოდნენ. შედეგად ისეთი ტრავმები მივიღე, რომ მუცლის ბადე ჩამეშალა. ეს უკვე, საბოლოო ჯამში, ციხეში მოხდა, დამიზიანდა ხერხემალი, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ, რადგან მიწაზე ვიყავით დაწოლილი, ოთხი ადამიანი გვიჭერდა და ზემოდან ჩვენზე დახტოდნენ. წარმოუდგენლად გვცემეს. ამას, რეალურად, ცემაც არ ჰქვია. პრაქტიკულად, მუდმივად გონებადაკარგულები ვიყავით. უშუალოდ ქარდავა იყო ყველაზე აქტიური ჩემთან მიმართებით და კიდევ ერთი ადამიანი, ვისი სახელიც და გვარიც ვიცი, მაგრამ თავს შევიკავებ დასახელებისგან. ახლაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და არ მინდა, ამით გამოძიებას ხელი შევუშალო. ადგილობრივი პოლიცია იქ არ იყო. ჩემთან ორი ადამიანი უნიღბოდ იყო, ერთი მეგის ქარდავა და მეორე, ვისი დასახელებისგანაც თავი შევიკავე“, – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.
ნიკოლოზ გოგუაძემ აღნიშნა, რომ მასთან ერთად დაკავებულმა ჯემალ გუნდიშვილმა ცემის შედეგად ინფარქტი მიიღო.
„ჩვენ გადაგვანაწილეს და დაიწყო საშინელი ანგარიშსწორება. მაგალითად, ჩემთან ერთად დაკავებულმა ჯემალ გუნდიშვილმა ცემის შედეგად ინფარქტი მიიღო ქარელის პოლიციის შენობაში. სხვადასხვა ოთახში ვიყავით გადანაწილებული. ჯემალ გუნდიშვილი გარდაცვლილი ეგონათ, მოუწიათ სასწრაფოს გამოძახება, მგონი, გორის სასწრაფო დახმარებიდან მოვიდნენ. საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენი გამართლების საკითხი დგებოდა, მათაც მისცეს ჩვენება. ექიმებმა სპეცრაზმს მიმართეს, რომ ასე დატოვება არ შეიძლება, უნდა გადავიყვანოთ კლინიკაში, ინფარქტი აქვს მიღებულიო. ეს ჩემთვის უშუალოდ სასწრაფო დახმარების ექიმს აქვს მოყოლილი, საქმის მასალებში არის მისი სახელი და გვარი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ისიც იყო დაკითხული. საავადმყოფოში გადაყვანის უფლება არ მისცეს, არ გაატანეს სასწრაფო დახმარებას და სთხოვეს, არანაირი საბუთი არ გაფორმებულიყო, რომ იქ სასწრაფო იყო მოსული. ერთ-ერთი სასწრაფოს ექიმი ძალიან ვაჟკაცი გოგო იყო და მუქარის მიუხედავად, გააფორმა გამოძახება, რაც მომავალში ჩვენ გამოგვადგა სასამართლო პროცესზე. ეს შემდეგ თვითონ მითხრა, პრაქტიკულად, მუქარა იყო ჩემზე რომ, გამოძახება საერთოდ არ გაფორმებულიყოო“, – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.
ამასთან, როგორც კომისიის სხდომაზე ნიკოლოზ გოგუაძემ აღნიშნა, ე.წ ყინწვისის სპეცოპერაციაზე ოფიციალურ საბუთში წერია, რომ აპირებდა, ოსეთიდან შემოეყვანა 2 000 ქართულად მოლაპარაკე რუსი სპეცრაზმელი და თბილისი აეღო.
„ოფიციალურ საბუთში წერია ასეთი რაღაც, რომ მე ვაპირებდი საქართველოს ტერიტორიაზე ოსეთიდან შემომეყვანა 2 000 ქართულად მოლაპარაკე რუსი სპეცრაზმელი და თბილისი აგვეღო. აღვშფოთდი, რა ქართულად მოლაპარაკე 2 000 რუსი სპეცრაზმელი, სიგიჟეს მეუბნებით-მეთქი და ამაზე საერთოდ გადაირივნენ, კიდევ საშინლად მცემეს. ეს უკვე მთავარ სამმართველოში ხდებოდა. ჩვენი ცემა-წამება გაგრძელდა ციხემდე და მარტო მთავარი სამმართველოთი არ დასრულებულა ჩვენი ისტორია“, – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.
თაგები:
ნიკოლოზ გოგუაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა