Logo

ნიკოლოზ სამხარაძე - აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის არჩევის შემდეგ დიდი იმედი გვაქვს, რადგან იდეოლოგიურად ერთსა და იმავე პოზიციაზე ვდგავართ

პოლიტიკა
264
Frontnews image description

აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის არჩევის შემდეგ დიდი იმედი გვაქვს, რადგან იდეოლოგიურად ერთსა და იმავე პოზიციაზე ვდგავართ, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებები, არის ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ში, სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.

„მე ვარ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და წარმოვადგენ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“. ჩვენი ქართული ოცნება არის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს სრული სუვერენიტეტი. საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანაა. ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამიტომ ჩვენი ქართული ოცნებაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, გვჯერა, რომ ხალხის სუვერენიტეტი და სუვერენული გადაწყვეტილებები უნდა იყოს პატივცემული. სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც კომიტეტის თავმჯდომარედ ამირჩიეს, ეს ექვსი წლის წინ მოხდა, არაერთხელ გავხდით თავდასხმების სამიზნე მემარცხენე რადიკალური ჯგუფების მხრიდან საქართველოში, თუმცა უმეტესწილად მხარდაჭერილი იყო  დასავლეთის მხრიდან. ჩვენ ასევე გავხდით უცხოური ჩარევის მსხვერპლი ჩვენს არჩევნებსა და შიდა საქმეებში. როდესაც ვამბობ „უცხოურ ჩარევას“, მხოლოდ რუსეთის ფედერაციას არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ ასევე იმ  არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებულია აშშ-დან და ევროპიდან და რომლებიც რეალურად მუშაობდნენ დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ლეგიტიმურობის შესუსტებაზე, ასევე არეულობისა და ძალადობის წახალისებაზე და საბოლოოდ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ მოწოდებაზე“, – განაცხადა სამხარაძემ.

მისი თქმით, წინა პანელზე მონაწილეებმა თქვეს, რომ მათი შვილები ზეწოლასა და შეურაცხყოფას განიცდიან მათი შეხედულებების გამო.

„საქართველოს  დელეგაციის წევრი არის ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ასევე გახდა ძალადობის მსხვერპლი საკუთარ შვილებთან ერთად, როდესაც მას თავს დაესხნენ ეს მემარცხენე რადიკალები მისი აზრის გამო. ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა, რომლის წინაშეც ჩვენ, ყველანი ვდგავართ. მე აქ იმიტომ ვარ, რომ ახალი ადმინისტრაციის არჩევის შემდეგ დიდი იმედი გვაქვს, რადგან იდეოლოგიურად ერთსა და იმავე პოზიციაზე ვდგავართ. ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებები, არის ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის საფუძველი. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება. და მეორე, ჩვენ ერთად დავდგებით ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის, დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და არჩევნების დაცვისთვის“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები