ნიკოლოზ სამხარაძე - ეუთო დაკარგავს ნდობას ქართულ საზოგადოებაში, რადგან ანგარიშში დამატებული შესწორებები საქართველოს შესახებ აბსურდულია


ავტორი
Front News საქართველო
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს.
დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს შესახებ გაკეთებული შესწორებები, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს ეხება. მისი თქმით, აღნიშნული შესწორებები მრავალი თვალსაზრისით აბსურდულია.
"პირველი ორი წინადადება ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის ანგარიშის მიგნებებს. შესაბამისად, მსურს ვკითხო პოლონელ დეპუტატს, რომელიც ამ ინიციატივის ავტორია, რატომ ცდილობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის სანდოობისთვის ძირის გამოთხრას? რა აზრი აქვს სადამკვირვებლო მისიების არსებობას, თუკი ასამბლეის ზოგიერთი წევრი მაინც ეჭვქვეშ დააყენებს მას პირადი პოლიტიკური ინტერესების და იმის გამო, რომ არ მოეწონათ არჩევნების შედეგები და თან მეგობრები ჰყავთ ოპოზიციურ პარტიებში“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, საქართველო ეუთოს აქტიური წევრია და ეუთოს საქართველოში პატივს სცემენ. დამატებით პუნქტებში ასახული აბსურდული განცხადებებით კი, ეუთო დაკარგავს ქართულ საზოგადოებაში სანდოობას.
ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას, ასევე ისაუბრა ანგარიშში გაკეთებულ იმ შესწორებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საგანგაშოა რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ხელისუფლების კავშირების გაძლიერება.
"ვფიქრობ, ამ ასამბლეის წევრთა უმრავლესობამ იცის, რომ საქართველო ამ ასამბლეაში, უკრაინასთან ერთად, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რა სახის კავშირების გაძლიერებაზეა საუბარი? ვფიქრობ, ინიციატივის ავტორმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, თუ რა კავშირების გაძლიერებაზე საუბრობს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს საკითხს, რომელიც განიხილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ეს თემა სცდება ეუთოს უფლებამოსილებას.
საუბრის დასასრულს ნიკოლოზ სამხარაძემ გააკრიტიკა შესწორება, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდირება, რისთვისაც შესაბამის კანონებს იღებენ.
"მოხარული ვიქნები მოვისმინო, რომელ კანონებზეა საუბარი, არის თუ არა ისინი ანტიდემოკრატიული ან არაკონსტიტუციური და რა დებულებებია ამ კანონებში. არ შეიძლება რომ მტკიცებულებების გარეშე ვისროდეთ რაღაც განცხადებებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს