ნიკოლოზ სამხარაძე – მსურს იმედი გამოვთქვა, რომ ადამიანები, რომლებიც წელიწად-ნახევრის განმავლობაში არ იქცეოდნენ სწორად, შეიცვლიან ნირს


ავტორი
Front News საქართველო
“მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ მომავალი სესიიდან ის ადამიანები, რომლებიც წელიწად-ნახევრის განმავლობაში არ იქცეოდნენ სწორად და არ იყვნენ გულწრფელები სახელმწიფოს მიმართ, შეიცვლიან ნირს და დაგვეხმარებიან, ან თუ არ დაგვეხმარებიან, ხელს არ შეგვიშლიან იმაში, რომ შევასრულოთ ცხრა ნაბიჯი და მომავალი წლის ბოლოდან უკვე დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში.
მისი ინფორმაციით, გუშინ გაიმართა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა და დამტკიცდა სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება მთავარი გზამკვლევი მომავალი 10-11 თვის განმავლობაში.
“ამ გეგმის დიდი ნაწილი არის მთავრობის შესასრულებელი, თუმცა ის საკანონმდებლო მიმართულებები, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილია, არის პარლამენტის შესასრულებელი. მომავალი სესიიდან აქტიურად უნდა ჩავერთოთ ამ საქმიანობაში. მას შემდეგ, რაც 2022 წლის 3 მარტს შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე, არაერთი დაბრკოლება და სიძნელე გამოვიარეთ, მათ შორის, არა მხოლოდ კონკრეტული გადაწყვეტილებების გამო, არამედ ძირითადად იმ მიდგომის გამო, რაც ქვეყნის შიგნით იყო ჩვენს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ვგულისხმობ მუდმივ დეზინფორმაციას და მუდმივად ხელშეშლას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ 14-15 დეკემბერს, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
“არცერთი ქვეყანა არ გვეგულება, რომელმაც შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ ხმა მისცეს. ამის შემდეგ ჩვენი გზა კიდევ უფრო გართულდება. კიდევ უფრო მეტი რეგულაცია გვექნება მისაღები, კიდევ უფრო მეტი დირექტივა იქნება გადმოსატანი, კიდევ უფრო მეტი რეფორმა გვექნება განსახორციელებელი“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი მოსაზრებით, თუ მოქმედი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებასთან ერთად არ იმოქმედებს, წარმოუდგენელი იქნება ამ გზაზე წარმატების მიღწევა.
“მინდა იმედი გამოვთქვა, რომ გასული წელიწად-ნახევარი იქნება ყველასთვის ცუდი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანას ხელი შეუშალო და არ წაეხმარო ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე – დიდად ცვლილებას უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში არ ველი და მით უმეტეს, არც ადგილობრივი არჩევნებისთვის

ნიკოლოზ სამხარაძე – პარტნიორებს ვეუბნებოდით, რომ რუსეთი არ გაჩერდებოდა, სამწუხაროდ, მართალი ვიყავით

ნიკოლოზ სამხარაძე – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ მოგვისმენია, რომ ისინი ემიჯნებიან პოდოლიაკის, დანილოვისა და არისტოვიჩის განცხადებებს