Logo

ნიკოლოზ სამხარაძემ ინდოეთში სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა

პოლიტიკა
21
Frontnews image description

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ინდოეთის წამყვანი კვლევითი ცენტრის, Observer Research Foundation-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიას გაუძღვა.

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე მოხსენებით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, არაღიარების პოლიტიკასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან გეგმაზე. ასევე ისაუბრა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და გამოწვევებზე.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ვაჭრობის დივერსიფიცირებაზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების მნიშვნელობაზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ აგრეთვე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ფაქტორებზე და საინვესტიციო პოტენციალზე, შუა დერეფანზე, ენერგეტიკულ და ლოჯისტიკურ პროექტებზე.

მოხსენების შემდეგ, კითხვა-პასუხის ფორმატში საუბარი გაგრძელდა საქართველო-ინდოეთის ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ზეგავლენაზე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესებსა და საქართველოს, როგორც მედიატორის მნიშვნელოვან როლზე, ასევე, გაეროს რეფორმირებისა და მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგში დიდი და პატარა ქვეყნების როლზე.

დისკუსიაში ინდოეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ნიკოლოზ სამხარაძე ინდოეთში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.

საპარლამენტო დელეგაციაში ასევე შედიან: ინდოეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Advertisement