ნინო ბურჯანაძე – ყბაში რომ არ მოხვდა იმ დღეს პაპუაშვილს, იმიტომ გვიბედავს ამდენს ხელისუფლება


ავტორი
Front News საქართველო
ყბაში რომ არ მოხვდა იმ დღეს პაპუაშვილს, იმიტომ გვიბედავს ამდენს ხელისუფლება, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილის კანდიდატურით შეცვლის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, წარმოუდგენელია, მამაკაცი, რომელმაც პარლამენტში ქალ დეპუტატზე იძალადა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დაასახელო.
“წარმოუდგენელია, პარლამენტარმა მამაკაცმა ფიზიკური ძალა გამოიყენა პარლამენტარ ქალზე და ამ ადამიანს პარლამენტის თავმჯდომარედ ნიშნავ!. მეტი ეკუთვნის ოპოზიციას, ძალიან დიდი ბოდიში, უკაცრავად ამ ჟარგონისთვის და ყბაში რომ არ მოხვდა იმ დღეს პაპუაშვილს, იმიტომ გვიბედავს ამდენს ხელისუფლება. ასი კაცი კი არ უნდა დასხმოდა თავს, ერთი კაცი უნდა აღმოჩენილიყო ისეთი, ვინც უპასუხებდა იმაზე, რაც თინა ბოკუჩავას გაუკეთა ბატონმა პაპუაშვილმა და მერე სხვას აღარ მოუვიდოდა თავში ნონა მამულაშვილის ჩამოხსნა და ჩამოღება, პრაქტიკულად მაგიდიდან, ან აგდებული ტონით ლაპარაკი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.
რაც შეეხება განცხადებას, რომ კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შემდეგ უფრო მნიშვნელოვან პროექტზე იმუშავებს, ბურჯანაძისთვის გაუგებარია.
“რა პროექტია ისეთი, რომელიც შეიძლება იყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობაზე უფრო მნიშვნელოვანია, მითუმეტეს კრიზისულ ვითარებაში, მაგრამ ეს არის „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება საქართველოსადმი – ქვეყანა მათთვის არის პროექტი, რომელმაც მათ უნდა მოუტანოთ თანამდებობები” , – განაცხადა ბურჯანაძემ.
18 ივლისს “ქართული ოცნების” დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა. ნონა მამულაშვილი კი მაგიდიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა.
ოპოზიციონერი დეუტატები პარლამენტში 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს აპროტესტებდნენ, რა დროსაც გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს.
