ნინო დოლიძე – კამპანიის დროს დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის, საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის, მუქარის ან დაშინების ფაქტები

ავტორი
Front News საქართველო
წინასაარჩევნო გარემო დააზიანა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვება-დამუშავებისა და მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების სავარაუდო შეგროვების ფაქტებმა, რაც წარმოადგენს ამომრჩეველზე ზეწოლისა და ამომრჩევლის ნების გამოხატვისთვის ხელის შეშლის მცდელობას, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის, საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის ფაქტები.
“წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მმართველი პარტია მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობდა მის მხარეს არსებული ადმინისტრაციული რესურსების გამო. ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებული არაერთი სოციალური, ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული პროგრამისა და პროექტის ინიციირებას და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მმართველი პარტიის სააგიტაციო ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას. წინასაარჩევნო გარემო დააზიანა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვება-დამუშავებისა და მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების სავარაუდო შეგროვების ფაქტებმა, რაც წარმოადგენს ამომრჩეველზე ზეწოლისა და ამომრჩევლის ნების გამოხატვისთვის ხელის შეშლის მცდელობას. ასევე, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი შემთხვევების რეაგირების გარეშე დატოვებამ.
კამპანიის დროს დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის, საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის, მუქარის ან დაშინების, პარტიის ოფისში შეჭრისა და მისი დაზიანების მცდელობის, პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული პირების დაკავებისა და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები.
ვენეციის კომისიის, ეუთო ოდირისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციის მიუხედავად, ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრობის კანდიდატებს, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე არჩევს და წარუდგენს პარლამენტს, რომელსაც, თავის მხრივ, უბრალო უმრავლესობითაც შეეძლება კანდიდატების სრული ვადით, 5 წლით, არჩევა. ცვლილებებით, ასევე, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელსაც ოპოზიციის მიერ დანიშნული ცესკოს წევრებიდან ირჩევდნენ ” ,- განაცხადა ნინო დოლიძემ.
თაგები:





