ნინო ლომჯარია – ნაცვლად იმ გზავნილებისა, რაც დღეს კობახიძისგან იყო, ევროპამ უნდა მოისმინოს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, იმუშაოს გამოწვევებზე


ავტორი
Front News საქართველო
ნაცვლად იმ გზავნილებისა, რაც დღეს კობახიძისგან მოვისმინეთ, ევროპამ უნდა მოისმინოს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა იმუშაოს გამოწვევებზე, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარები არ ჭორაობდნენ და მათი განცხადებები საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებსა და თავიან მიგნებებს ემყარებოდა.
“ევროპარლამენტარები საუბრობდენენ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებისა და საკუთარი მიგნებების საფუძველზე და რა თქმა უნდა, ეს არ იყო ჭორებზე დაფუძნებული განცხადებები.
ნაცვლად იმ გზავნილებისა, რაც დღეს კობახიძისგან მოვისმინეთ, ევროპამ უნდა მოისმინოს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა იმუშაოს იმ გამოწვევებზე, რაზეც ძალიან გულწრფელად და მეგობრული სულისკვეთებით მიუთითებდნენ გუშინ ევროპარლამენტარები. მზაობა უნდა დაანახოს, რომ შესაძლოა, არ იზიარებს, მაგრამ როგორც პარტნიორები მიუთითებენ, იმუშაონ იმ პრობლემებზე, რაც არის მართლმსაჯულების და სხვა საკითხები. ამაზე მეტად კიდევ როგორ შეიძლება დამძიმდეს ვითარება, როგორც ვხედავთ დეპუტატებმა იციან, როგორი განწყობებია ხელისუფლებაში, მიუხედავად ამისა, აცხადებენ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს იმ შესაძლებლობას, რასაც დღეს ევროპა უხსნის ამ ქვეუანას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას საქმე არის ერთ-ერთი საკითხი რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს საერთო სურათს.
“ეს არის ერთ-ერთი დამაზიანებელი ფაქტორი, რომ მითუმეტეს, ძალიან ცუდ დროს იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება, იმ დროს როდესაც მთელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება იყო საქართველოში დემოკრატიული პროცესებისკენ მომართული. ამ ვითარებაში ასეთი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, პოლიტიკურად აქტიური პირის, მენეჯერის და მენეჯმენტის მიმართ, რა თქმა უნდა საქართველოში დემოკრატიული განვითარების ფონს აუარესებს“, -განაცხადა ნინო ლომჯარიამ
