Logo

ნინო წილოსანი - ხელფასები დაახლოებით 20-დან 25 პროცენტამდე გაიზარდა და იდენტურად გაიზარდა პროდუქტების ფასები

პოლიტიკა
84
Frontnews image description

სანამ ამ კომისიის მუშაობა საჯაროდ დაიწყებოდა, ჩვენ ბევრი რამ შევისწავლეთ, მათ შორის, ინდივიდუალური გასაუბრებებიც გვქონდა და ფოკუს-ჯგუფებიც. ადამიანებს უწევთ, რომ საკუთარ უბანში, იქიდან გამომდინარე, სად, როდის რა აქციაა, სამ-ოთხ მაღაზიაში  იმის მიხედვით შევიდნენ და იყიდონ ესა თუ ის პროდუქცია, ანუ აქციიდან აქციამდე უწევთ, რომ გაიტანონ თავი, - ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც წილოსანმა განმარტა, ბოლო წლების მანძილზე, ხელფასების ზრდის პარალელურად, გაიზარდა პროდუქტებზე ფასები, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის კეთილდღეობას არაფრით დასტყობია სახელმწიფოს პოლიტიკის მცდელობა, შემოსავლების ზრდის შედეგად, საზოგადოებამ უკეთ იგრძნოს თავი.

"ბოლო სამი წლის მანძილზე, ხელფასები დაახლოებით 20-დან 25 პროცენტამდე გაიზარდა და იდენტურად გაიზარდა პროდუქტების ფასები. ეს ნიშნავს, რომ მათ კეთილდღეობას არაფრით დასტყობია ის, რისკენაც მთელი სახელმწიფო პოლიტიკაა მიმართული, რომ შემოსავლები გაეზარდოთ და ამით უკეთ იგრძნონ თავი და ფინანსური მდგრადობა ჰქონდეთ. ასეთი დეტალები, სამომავლოდ ჩვენც ჩამოვაყალიბებთ ალბათ რეკომენდაციებში, მაგრამ თქვენთვისაც [ადგილობრივი მწარმოებლებისთვის] გასათვალისწინებელი უნდა იყოს", - განაცხადა წილოსანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ ადგილობრივი მწარმოებლების სურვილიც იყო ფასებთან მიმართებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა, ქსელურმა მარკეტებმა ოდნავადაც არ გაითვალისწინეს მომხმარებლის ინტერესები.

"ფასსაც აკლებდით თუ ანახევრებდით და ქსელის სტატიკური მდგომარეობაა, რომ ოდნავადაც შეიძლება არ გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესი, რომ ამ პროდუქტის გადაყრას, ჯობია, გაცილებით შეღავათიან ფასად, ადამიანმა მიიღოს ის ნუტრიციული საჭიროება, რომელიც მას აქვს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

სხდომაზე ასევე გაირკვა, რომ მწარმოებლებს ქსელის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. კერძოდ, წილოსანის კითხვაზე: "შეგიძლიათ თუ არა, ან გაქვთ თუ არა გავლენა ქსელების გადაწყვეტილებაზე, რომ მაგალითად, ორი დღით ადრე, სანამ პროდუქტს ეწურება ვადა, თქვენი მხრივ, გაანახევროთ ფასი, ქსელმა თავის მხრივ გაანახევროს და ოჯახებს, ადამიანებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე იყიდოს განახევრებულ ფასში, იმიტომ, რომ ასეთი მასშტაბური აქციები ამ პროდუქტებზე სისტემატურად არ მინახავს. შეგიძლიათ თუ არა გავლენა იქონიოთ ქსელის ამ პოლიტიკაზე თუ სრულად ქსელი წარმართავს და აწარმოებს ამ პოლიტიკას?" - რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ "ეს პოლიტიკა სრულად ქსელის მხარეს არის".

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები