Logo

ნონა მამულაშვილი – სიმართლეა, “ქართული ოცნებისთვის“, ისევე როგორც რუსეთისთვის, რეზოლუციები არაფერს ნიშნავს

პოლიტიკა
1317
Frontnews image description

სიმართლეა, “ქართული ოცნებისთვის“ ხელშეკრულებები, რეზოლუციები, ისევე როგორც რუსეთისთვის,  არაფერს ნიშნავს, –  ამის შესახებ  Front News-ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. 

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის მუშაობდეს, დაკავებულია საქართველოს მომავლის საბოტაჟირებით. 

 

“ეს ადამიანი,  ვინც ყოველდღიურ რეჟიმში  შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს მოსახლეობას და ვისზეც მისი პატრონი ამბობს,  რაც გინდათ,  ის დაუძახეთო, გველაპარაკება ღირსებასა და თავმოყვარეობაზე. 

 

რაც შეეხება მის განცხადებას, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია მისთვის არაფერს ნიშნავს, ეს  სიმართლეა. “ქართული ოცნებისთვის“ ხელშეკრულებები, რეზოლუციები, ისევე როგორც რუსეთისთვის,  არაფერს ნიშნავს. ისევე არღვევენ ხელშეკრულებებს და ისევე ახევენ თავზე ამ ხელშეკრულებებს დასავლელ პარტნიორებს,  როგორც ამას აკეთებს რუსეთი.

 

აბსოლუტურად ნდობა აქვთ დაკარგული დასავლეთის თვალში. ამ ადამიანებს არ დაეჯერებათ არაფერი. ჩვენ ვნახეთ,  მიუხედავად იმისა, რომ ხელს აწერენ შეთანხმებას, შეუძლიათ დატოვონ ისე, რომ არაფრად ჩააგდონ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამ ფონზე კი ლაპარაკობენ იმაზე, რომ თურმე ჩვენ დასავლეთთან სახვეწნი არაფერი გვაქვს.  სახვეწნიც გვაქვს და ძალიანაც უნდა ვთხოვოთ, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი შანსი ჩვენი გადარჩენისთვის. ნაცვლად ამისა, ჩვენი ხელისუფლება დაკავებულია ჩვენი მომავლის საბოტაჟირებით“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა. 

 

პრემიერის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია მისთვის არაფერს ნიშნავს. ხოლო   ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი სინამდვილეში სიმბოლური მნიშვნელობისაა. მისივე თქმით, ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ და ევროპისგან დაუმსახურებელს არაფერს ვითხოვთ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები