ნუგზარ წიკლაური – დიახ, მან თქვა, “არა და არასოდეს”, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა გამონათქვამი – “არასოდეს თქვა არასოდეს”

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა “არა და არასოდეს”, მაგრამ არსებობს სხვა გამოთქმაც – “არასოდეს თქვა არასოდეს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
მისი თქმით, სამოქალაქო მოძრაობის მიერ სალომე ზურაბიშვილისადმი პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალება არის ლეგიტიმური მოთხოვნა და სამოქალაქო პროტესტის ლოკაცია სწორად არის შერჩეული.
“სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფორმალურ მხარესაც, მას შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი სტატიკურად რჩებოდეს ერთი და იგივე უღირს მდგომარეობაში, გადის დრო და მას შეუძლია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც უნდა მიიღოს. დიახ, მან თქვა, “არა და არასოდეს”, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა გამონათქვამი -” არასოდეს თქვა არასოდეს”. მგონია, რომ იმ ვითარებაში რაც ხდება, მიხეილ სააკაშვილი დღეს არის სინდისის პატიმარი, ის არის პოლიტიკური პატიმარი და ის ციხეში ზის იმიტომ, რომ მას მხარს უჭერს ასობით ათასი ადამიანი. ყველაზე მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, არის მისი გათავისუფლება ამ ტყვეობიდან”, – განაცხადა წიკლაურმა “მთავარის” ეთერში.
მისივე თქმით, მისი პირადი აზრია, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი იქნება შეწყალებული, შესაძლოა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყოს მსჯელობა, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა “არ იყოს მუდმივი პედალირების საკითხი”.





