Logo

ნუგზარ წიკლაური – გავაფრთხილებდი ყველას, რომ უხეშ ჩარევას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ნუ ექნება ადგილი

პოლიტიკა
10.11.2022 / 17:02
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით პარტიაში თვეზე მეტია, მიმდინარეობს საუბარი და ეს იყო ნიკა მელიას ინიციატივა.

 

“კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ერთ თვეზე მეტია, პარტიაში მიმდინარეობს საუბარი, და ეს იყო ნიკა მელიას ინიციატივა, ახალი არჩევნები როდის, როგორ ჩავატაროთ, საერთოდ გვინდა თუ არა ამ არჩევნების ჩატარება. ამიტომ სრულიად გაუგებარი და აუხსნელი იყო ჩემთვის, რომ რაღაც ქონგურებზე შემოდგა ხალხი, თითქოსდა ახალ რამეს ამბობდა და სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა ამას. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, კონსოლიდირებული იყოს გადაწყვეტილება, რაც არჩევნებთან დაკავშირებით მივიღეთ. გუშინ რაც მოხდა, ცალკე ბრიფინგები რომ ჩატარდა, ამან არაფერი შეგვმატა, გარდა იმისა, რომ ქოცებს ამ თემაზე რაღაც უგერგილო ღლიცინის შესაძლებლობა მისცა. ეს არის უპასუხისმგებლობა და ასეთი რამ მგონი, არ უნდა განმეორდეს, ყველამ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებეით უნდა იყოს ერთიანი გადაწყვეტილება. არ მინდა, პატივისცემის გარეშე მოვეპყრა ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ჯერ არ გამოჩენილან „ნაციონალურ მოძრაობაში“. იმედია, დღეს, ხვალ ან როცა იქნება, გამოჩნდებიან და ეს უნდა იყოს ერთიანი გადაწყვეტილება. 

 

პარტიას ჰყავს თავისი სამდივნო, პოლიტიკური საბჭო, ეს არის ლეგიტიმური ორგანოები, რომლებმაც უნდა იმსჯელონ საბოლოო თარიღზე. ამიტომ ჩემთვის ძნელია ახლა კონკრეტულ თარიღზე საუბარი. სიმართლე გითხრათ, ჩემი პოზიცია იყო, რომ მაშინ, როცა ევროპარლამენტის ასეთი რეზოლუცია იგეგმებოდა, როდესაც პირდაპირ ვიცოდით, იქნებოდა საუბარი სახელმწიფოს მიტაცებაზე, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გადაყვანაზე, გვარამიასა და მედიის დევნაზე, უმჯობესი იყო, კონცენტრირებული ვყოფილიყავით ამ პრობლემატიკაზე და შემდეგ მომხდარიყო ყველანაირი არჩევნები, მაგრამ თუ იქნება სხვა მოსაზრებები, ეს მოსაზრებებიც იქნება ლეგიტიმური“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

 

ამასთან, მისივე თქმით, რეგიონული თავმჯდომარეებისთვის პარტიზანები არ უწოდებია. 

 

“რეგიონულ თავჯდომარეებს კი არ ვუწოდე, ვუწოდე იმ ადამიანებს, რომლებიც ესწრებოდნენ აქ განხილვებს, არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე, თვითონ უშუალო მონაწილეები იყვნენ, იცოდნენ, რომ პარტიაში ეს დისკუსია მიმდინარეობს, იცოდნენ, რომ ჩვენი სურვილი იყო, კონსოლიდირებულად გამოვსულიყავით და გამოგვეცხადებინა საერთო შეჯერებული პოზიცია და სრულიად მოულოდნელად მათ აირჩიეს ბრიფინგების ენით საუბარი. არ გააფრთხილეს არც პარტიის პრესსამსახური, არც არავის უთხრეს ამის შესახებ, თითქოსდა ვიღაც უშლიდა, ამ ადგილას ჩაეტარებინათ ბრიფინგი. ამიტომ დაემსგავსა ეს პარტიზანობას და სწორედ ამაზე იყო საუბარი. არ მინდა სპეკულაციები ამ თემაზე, თუმცა გავიხსენებდი ერთ მონაკვეთს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ბიოგრაფიიდან – ეს არის 2016 წელი, მაშინ პოლიტიკოსთა ერთმა ჯგუფმა, რომლებიც იყვნენ ჩვენი პარტიის წევრები, გადაწყვიტა, საკუთარი პარტიიდან გაენაპირებინა თვით მისი დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი. როგორ დასრულდა მათი ეს გამოხდომა, ყველამ კარგად ვიცით, მათ ვეღარ შეძლეს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ადგილის პოვნა. ამიტომ გავაფრთხილებდი ყველას, რომ უხეშ ჩარევას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ნუ ექნება ადგილი. ეს არის ძალიან გახსნილი პარტია, ყველას შეუძლია თავისი მოსაზრების გამოთქმა და ნებისმიერი კულუარული, რაღაც ტიპის მოქმედებები იქნება აღქმული როგორც ამ კონკრეტულ დემოკრატიულ პროცესზე თავდასხმა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

Advertisement