Logo

ნუგზარ წიკლაური – მათ თუ წარმოუდგენიათ ევროპის კავშირში სხედან ბრიყვები, რომლებსაც მოატყუებს ზარქუა, ან კიდევ ღარიბაშვილი, ასე ნამდვილად არ არის

პოლიტიკა
19.11.2022 / 18:50
Frontnews image description

მათ თუ წარმოუდგენიათ ევროპის კავშირში სხედან ბრიყვები, რომლებსაც მოატყუებს ზარქუა, ან კიდევ ღარიბაშვილი, ასე  ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა “ქართული ოცნების” ლიდერების რიტორიკის კომენტირებისას, რომლის თანახმად, რომ არა ოპოზიციის კრიტიკა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს საქართველოს მარტივად მიიღებდა. წიკლაურის თქმით, ძალიან მარტივი პროპაგანდაა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელს ოპოზიცია უშლის. 

 

“მათ თუ წარმოუდგენიათ ევროპის კავშირში,  სამყაროს ყველაზე მდიდარ და ყველაზე წარმატებულ ნაწილში  სხედან ბრიყვები, რომლებსაც მოატყუებს ზარქუა, ან კიდევ ღარიბაშვილი, ეს ნამდვილად ასე არ არის. როდესაც ისინი საუბრობენ დეოლიგარქიზაციის აუცილებლობაზე და სხვათაშორის პერსონიციცირებულად “დებიძინიზაციაც“ ითქვა და ამის პასუხად ეტყვი, რომ ოლიგარქი არის ნუგზარ წიკლაური, რა თქმა უნდა,  ამას არავინ დაიჯერებს. როდესაც სასამართლოზე ამბობ, რომ აქ არც კლანია და არც არავითარი პრობლემებია მიუკერძოებლობის თვალსაზრისით და მხოლოდ კურიერები გვაკლია და მოსამართლეების გარკვეული რაოდენობა, არც ამას დაგიჯერებენ.  

 

მაშინ, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ ციხეში ზის და სიცოცხლისთვის იბრძვის იმის გამო, რომ ის არ გადაყავთ დასავლურ კლინიკაში, როდესაც მედიამენეჯერი დაპატიმრებულია და სხვა მედიამფლობელების მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ამას ვერ ხედავენ ის კვალიფიციური ადამიანები, რომლებმაც ეს 12-პუნქტიანი გეგმა შექმნას? 

 

ცხადია,  იქნება გარკვეული მცდელობები, რომ სხვას გადააბრალონ – მედიას, ენჯეო სექტორს. პოლიტიკურ ოპონენტებს. სიმართლე გახლავთ ის, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს პარლამენტში დიდი უმრავლესობა, მას შეუძლია ყველა გადაწვეტილების მიღება, იმის მიუხედავად, ჩართული იქნება თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღებაში ოპოზიცია და მათზეა უპირველესი პასუხისმგებლობა იქნება თუ არა საქართველოს სვლა ევროპისაკენ წარმატებული“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

Advertisement