Logo

ნუგზარ წიკლაური – უფსკრულია დღეს ჩვენს ხალხს, ჩვენს გმირებს და იმ ადამიანებს შორის, ვინც ხელისუფლების სათავეში არიან

პოლიტიკა
590
Frontnews image description

უფსკრულია დღეს ჩვენს ხალხს, ჩვენს გმირებს და იმ ადამიანებს შორის, ვინც  ხელისუფლების სათავეში არიან,  – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მტრის გმირობასა და თავგანწირვასაც კი აფასებენ და ვერ წარმოედგინა,  თუ მმართველი ძალის  წარმომადგენლები უკრაინაში დაღუპული მეომრების სამძიმარზე არ მივიდოდნენ. 

 

“მტერს ეუბნებიან სამძიმარს, მტერთან მიდიან, მტრის გმირობასა და თავგნწირვას აფასებენ. ეს ქვეყანა ამის ქვეყანაა, ვაჟა- ფშაველას ქვეყანაა, აღარ ჩამოვთვლი მაგალითებს, რომლებიც გვიყვებიან მტრის დანდობის,  მტრის ვაჟკაცობისადმი ქედის მოდრეკის ამბებს. 

 

პირველად, როდესაც ჩამოასვენეს რამდენიმე დღის წინ, მაშინ ვფიქრობდი, რომ აუცილებლად მოვიდოდნენ, დახვდებოდნენ აეროპორტში,  მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, რომ ამდენი დღის განმავლობაში, საერთოდ უგულებელყოფა იყო ამ მართლაც ჩვენი გმირების, ამან ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. მათ საერთოდ არ იციან, რა არის გმირი, რა არის კეთილშობილება, რა არის თავგანწირვა, თავდადება ქვეყნისთვის…

 

ყველა ნერვით, ყველა ძაფით ისინი ახლა არიან რუსეთის მხარდამხარ, მაგრამ თუ ამაში, რაც წმინდათა წმინდაა, რაზეც თაობებს ზრდიან ადამიანები, ასეთი მორალური დაცემა იქნებოდა და ასეთი ცხადი იქნებოდა ეს მორალური დაცემა, მართლაც ვერავის წარმომედგინა. 

 

არის საკითხები, რომელიც ყველაფერს გადაფარავს ხოლმე, დარჩება ერთადერთი, შეგიძლია თუ არა მიხვიდე და უბრალოდ,  დედას უთხრა სამძიმარი, მაგრამ არ შეუძლიათ ამის გაკეთება, რადგან უფსკრულია დღეს ჩვენს ხალხს, ჩვენს გმირებს და იმ ადამიანებს შორის, ვინც არიან ხელისუფლების სათავეში“, –  განაცხადა წიკლაურმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები