Logo

ომარ ოკრიბელაშვილმა და საბა მეფარიშვილმა საპატიმრო დატოვეს

სამართალი
105
Frontnews image description

ე.წ. "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე პარლამენტის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი თავისუფლები არიან.

მათ საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვეს.

ორივე მათგანმა ციხის დატოვების შემდეგ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ სხვა პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადა.

"ყველა სინდისის პატიმარს მხარდაჭერა ჩემგან. ვამაყობ, რომ ხალხის გვერდით ვიდექი, ვამაყობ, რომ ასეთი ადამიანების, კარგი ხალხის გვერდით ვიდექი და უკან არ ვიდექი", - განაცხადა ომარ ოკრიბელაშვილმა.

საბა მეფარიშვილის განცხადებით კი, ყველა უნდა ეცადოს, შეცვალოს მთავრობის დამოკიდებულება. 

"ყველამ უნდა ვეცადოთ, შევცვალოთ მთავრობის დამოკიდებულება. დარწმუნებული ვარ, მაინც არ შეიცვლებიან, აქედან გამომდინარე, ან უნდა წავიდნენ, ან უნდა ვაიძულოთ წასვლა. აქციაზე ისევ წავალ. საპროცესოზე ჩემი წასვლა იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება, არ მინდოდა, მაგრამ ჩემზე იყო ისეთი საუბრები, რომ ვისთან ერთადაც ვიყავი დაჭერილი, ჩემი ბრალი იყო, რომ ის ციხეში იჯდა. ამიტომ მოვაწერე ხელი საპროცესოს, რომ ის გასულიყო გარეთ, თორემ ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა", - განაცხადა საბა მეფარიშვილმა.

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილს და საბა მეფარიშვილს 20 იანვარს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ისინი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს და სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2.5 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1.5 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწიათ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ.

Advertisement