Logo

ოპოზიციის ერთობლივ განცხადებას “სტრატეგია აღმაშენებელი” და “რესპუბლიკური პარტია” არ უერთდებიან

საზოგადოება
506
Frontnews image description

"სტრატეგია აღმაშენებელი", რომელიც საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას არ შეუერთდა, აცხადებს, რომ მსგავსი ტექსტის გამოქვეყნება ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების განახლებამდე "ტაქტიკური შეცდომაა".

"სტრატეგია აღმაშენებელი ეთანხმება მოლაპარაკებაში ჩართული სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოქვეყნებული წერილის სულისკვეთებას მაგრამ შექმნილ ვითარებაში, როცა პირადად ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მიმდინარეობს მედიაცია და ჩართულია მედიატორი, რომელიც უახლოეს ხანში ჩამოდის ქვეყანაში, ამ მოლაპარაკების წინ მსგავსი შინაარსის წერილი და განცხადებები მიგვაჩნია ტაქტიკურ შეცდომად, რადგან ძალიან ჰგავს მოლაპარაკების წინ ერთგვარი გამყოფი ხაზების გავლებას, რაც ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას.

მეგობრებო, კომპრომისი და შეთანხმება სჭირდება არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ხელისუფლებას, ან ოპოზიციას, არამედ – საქართველოს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. შესაბამისად ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები ერთმანეთისკენ და არა ხისტი და გამყოფი პოზიციებით ახალ-ახალი ბარიერები დავუწესოთ ერთმანეთს. 

შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და მას უნდა ესმოდეს რომ მოლაპარაკების პროცესს არ წაადგება ექვსპუნქტიანი შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული საკითხების ერთი, რომელიმე პარტიის ან ჯგუფის მიერ საკუთარ ინტერესებზე მორგების მცდელობა.

ჩვენთვის "სტრატეგია აღმაშენებლისთვის" მნიშვნელოვანია არა ის, რა უფრო სასარგებლოა ოპოზიციის ან ხელისუფლებისთვის არამედ ის, თუ რა გამოიყვანს საქართველოს შექმნილი კრიზისიდან და როგორ მოიგებს ამ ყველაფრით ქვეყანა, რომ ყველა ერთად, რაც შეიძლება მალე გადავერთოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ", – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

ხათუნა სამნიძის განცხადებით კი, "რესპუბლიკურ პარტიას" არასწორად მიაჩნია, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ჩამოსვლას მოლაპარაკებების მაგიდასთან წინაპირობებით დახვდნენ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ შევძლოთ კომპრომისებზე წასვლა და შეთანხმების პროცესში ყველა შესაძლო ვერსიაზე საუბარი მოლაპარაკების მაგიდასთან და ასეთ დროს წინაპირობებით, საჯარო განცხადებებით დახვედრა მედიატორის, არ მიგვაჩნია რესპუბლიკელებს სწორად. ეს წინაღობას და ბარიერს ქმნის იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ყველა საკითხზე წითელი ხაზების და წინაპირობების გარეშე საუბარი, ისე რომ მივიდეთ შეთანხმებამდე", – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

თაგები:

Advertisement