ოპოზიციის შეფასებით, გოგი წულაია ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლია


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციის შეფასებით, გოგი წულაია ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლია. ისინი მომხდარს წულაიას პოლიტიკურ აქტიურობასა და ბოლო დღეებში ბერა ივანიშვილის მისამართით განხორციელებულ პერფორმანსს უკავშირებენ. ამბობენ იმასაც, რომ მათ არ აქვთ საგამოძიებო უწყებების მიმართ ნდობა, ამიტომ უწყებამ, ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალი უნდა გაასაჯაროვოს.
"ეს ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა მის პერფორმანს ბერა ივანიშვილის გინებასთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, რომ წულაია იყოს პროვოკაციის მსხვერპლი და უბრალოდ, ივანიშვილმა დასაჯა იმისთვის, რომ გაბედა და მის შვილს საჯაროდ შეაგინა. მოვუწოდებ შსს-ს, სასწრაფოდ გამოაქვეყნოს ყველა ის მასალა, თუ რა მოხდა გოგი წულაიასთან დაკავშირებით"- განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.
"ჩვენ ვიცით, რომ გოგი წულაიამ ძალიან ცოტა ხნის წინ, საჯაროდ მოიხსენია ბერა ივანიშვილი, თუკი ვაჟკაცი ხარ დამიჭირეო. თუკი მართლაც განსაზღვრული აქვს ხელისუფლებას, რომ კიდევ ერთი დავალება შეასრულოს ბერა ივანიშვილის და თუ ის ფიქრობს, რომ ეს ვაჟკაცობაა, ასეთი ბინძური დაკვეთებით გაუსწორდეს, თან პოლიტიკურ ოპონენტს, მაშინ ეს ქვეყანა ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის ამ ხელისუფლების ხელში"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა დავით გოგისვანიძემ.
"უკვე ყველაფერი გასაგებია! გოგი პოლიტპატიმარია! გოგი არის იმ პერფორმანსის მსხვერპლი, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ განახორციელა ქუთაისის მერიის წინ, ბერას მისამართით. ძალადობა რომ აქტუალურია, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ მარტივ იარაღადაც იქცა ვიღაცის გასაშავებლად. "დაზარალებული" კი მაინცდამაინც დამაჯერებელი ვერ მოუძებნიათ"- წერს სოციალურ ქსელში "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე.
წულაია რამდენიმე დღის წინ იმ აუდიომასალებს გამოეხმაურა, სადაც ბერა ივანიშვილი ფიგურირებდა და რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, იმ ადამიანების დასჯას ავალებდა, ვინც ის სოციალურ ქსელში ცუდათ მოიხსენია.
"მინდა ბერას მივმართო: შე გაუბედურებულო ადამიანო, მეცოდები. ვიცი ახლა "ტუ"-ს დაადებენ მაინც და არ მინდა საეთერო დრო დავაბინძურო, მაგრამ გეუბნები ბერა, გაგინებ, ხელებატატებული გაგინებ, მოდი და გამისწორდი. ბოლო-ბოლო ნამუსი აღარაა ბიჯო? ყველაფერი წაგვართვით ამ ქვეყანაში, ერთი გინებით გულს ვიოხებდით და იმასაც გვართმევთ?"-აცხადებდა წულაია.
წულაია დღეს, შსს-ს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს