ოპოზიციური პარტიები გოგი წულაიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციური პარტიები პოლიტიკოს გოგი წულაიას საქმესთან მიმართებაში, შერჩევითი სამართალის გამოყენებასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე განცხადებას ავრცელებენ.
"ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერები მოისმინა. აღმაშფოთებელი იყო იმის გაგება, თუ რა ფორმით და როგორ ემუქრებოდნენ, ამცირებდნენ და ახდენდნენ ზეწოლას ივანიშვილის გარემოცვის წევრები ადამიანებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე, მხოლოდ იმისთვის რომ ბერას მიმართ კრიტიკული ან უცენზურო შინაარსის პოსტი დაწერეს ფეისბუქზე. ეს ყველაფერი ივანიშვილის ვაჟის და საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით, მათი უშუალო მითითებით ხდებოდა.
ბერა ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა, ის რაც მოქალაქეებმა "ტვ პირველის" მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან გაიგეს. საჯაროდ ცნობილი გახდა ბრალდებები ბევრი სხვა ანალოგიური შემთხვევების შესახებ.
ამ ყველაფრით პროკურატურა არ დაინტერესებულა, მათ არავინ დაუკითხავთ და არაფრის გარკვევა არ უცდიათ, გარდა ერთისა – ისინი კანონდარღვევით ცდილობდნენ "ტვ პირველიდან" კონფიდენციალური მასალის ამოღებას და ჩანაწერის გავრცელების პირველწყაროს გაგებას. ეს მიუთითებს, რომ მთელი სახელისუფლებლო ვერტიკალი ივანიშვილის ოჯახის სადამსჯელო ჯგუფია.
სწორედ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოჰყვა გოგი წულაიას დაპატიმრება, რომელმაც ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, საჯაროდ სიმბოლური სახით გამოუცხადა სოლიდარობა მათ, ვინც ბერას კრიტიკის გამო დაისაჯა.
ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვ ქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი, რომ პროკურატურის მოთხოვნით და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად საშიშია "ქართული ოცნების" ხელისუფლება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ის ემსახურება ოლიგარქის ოჯახის პირად ინტერესებს და მზადაა შურისძიების იარაღად იქცეს სწორედ ამ ოჯახის წევრთა ხელში" – აღნიშნულია განცხადებაში.
გაცხადებას ხელს აწერენ: "გირჩი-მეტი თავისუფლება", "ევროპული საქართველო", "მოძრაობა დროა", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ლეიბორისტული პარტია", "გამარჯვებული საქართველო", დემოკრატიული მოძრაობა", "ახალი ქრისტიან დემოკრატები სამართლიანობისთვის", "ლელო საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა", "ევროპული დემოკრატები", "კანონი და სამართალი", "პროგრესი და თავისუფლება", "ქართული არჩევანი", "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება", "ეროვნულ დემოკრატიული პარტია", "სახელმწიფო ხალხისათვის", "თავისუფალი საქართველო", "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის", "ქრისტიან კონსერვატული პარტია", "ემსახურე საქართველოს პოლიტიკა".
თაგები:
