Logo

პაატა მანჯგალაძე - გამიხარდება, ასი ათასი კაცის დაორგანიზება შემეძლოს, მაგრამ ჯერჯერობით არ შემიძლია

პოლიტიკა
99
Frontnews image description

არც კი შევკრებილვართ, ორგანიზება კი არა, ხაჭაპური არ გვიჭამია ერთად და რას გვედავებით, გამაგებინეთ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მას გაუხარდებოდა, ასი ათასი მოქალაქის შეკრება და ორგანიზება რომ შეეძლოს, მაგრამ ეს ასე არ არის.

"ყველამ იცის, რომ პოლიტიკოსი ვარ და აქტიური კომუნიკაცია მაქვს მედიასთან. მოდის ერთ-ერთი გოგონა და მეუბნება, რომ რაღაც პერფორმანსი, ფოტოს გადაღება უნდა და თუ მოხვალთ, კარგი იქნებაო. წარმოგიდგენიათ პოლიტიკოსს ფოტოგადაღების ეშინოდეს?

კი არ ვემიჯნები რამეს, უბრალოდ, სწორად მინდა გაიგოთ, რასაც ვამბობ. უწყინრად ჩავთვალე ეს პერფორმანსი და მივედი. ჩემთან ვიყავი ოფისში და მითხრეს, რომ ასეთი რაღაც სახიფათოა, რადგან სისტემა ჩასაფრებულიაო.

მართლა ვიოცნებებდი, მე, პაატა მანჯგალაძე ვიყო ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც შემეძლოს 100 ათასი კაცი შევკრიბო, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას მსგავსად დავუძახო ხალხს და 100 ათასი კაცი გამოვიდეს. რომ თქვა, პაატა მანჯგალაძე არის ორგანიზატორი, ეს ხომ უნდა ეფუძნებოდეს რაღაცას - შენ დაძახებულზე ასი ათასი კაცი გამოდიოდეს. არც კი შევკრებილვართ, ორგანიზება კი არა, ხაჭაპური არ გვიჭამია ერთად და რას გვედავებით, გამაგებინეთ. არ იფიქროთ, რომ მეშინია და გავურბივარ. მართლა გამიხარდება, ასი ათასი კაცის დაორგანიზება შემეძლოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ შემიძლია", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში  4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები