პაატა სალია ნიუ-იორკში, გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, დელეგაციასთან ერთად, ნიუ იორკში, გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან.
"გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება, სიტყვით მივმართოთ კომიტეტის წევრებს, გაეროს წარმომადგენლებს და ვისაუბროთ საქართველოში საჯარო ადმინისტრირების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების მიწოდების, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებისა და განვითარების კუთხით. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ასევე გვექნება ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესა და სხვა ხელმძღვანელ პირებთან. რაც მთავარია, ვისაუბრებთ იმ ფორუმის შესახებ, რომელიც ჩატარდება თბილისში 2026 წლის 23-25 ივნისს. ის გარემოება, რომ საქართველოში ტარდება გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი, უდავო დადასტურებაა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა, რომლებიც ორიენტირებულია მოქალაქეზე და მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე“, – განაცხადა პაატა სალიამ.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
თაგები:
პაატა სალია




