Logo

პაატა ზაქარეიშვილი - "ოცნებისთვის" ყველაზე სასურველი სცენარია ოპოზიციის სრული ბოიკოტი, ყველაზე არასასურველი - ოპოზიციის სრული მონაწილეობა

ინტერვიუ
457
Frontnews image description

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ხელისუფლების მიერ კრიტიკული აქტივისტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებულ სარჩელებს არა მხოლოდ პოლიტიკურ რეპრესიად აფასებს, არამედ აცხადებს, რომ ეს არის გზავნილი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ჯერ ხმას არ იღებს. Front News-თან ინტერვიუში ის საუბრობს წინასაარჩევნო ტაქტიკაზე, სასამართლოს პოლიტიზებულ როლზე, ოპოზიციის სტრატეგიულ შეცდომებზე და კობახიძის გაძლიერების პროცესზე.

- ბატონო პაატა, მმართველმა გუნდმა უჩივლა არაერთ ადამიანს, რომლებმაც სოციალურ ქსელში მათ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს ან „ოცნების“ დეპუტატების მიმართ ბულინგში დაადანაშაულეს. სასამართლოში დაბარებულები არიან როგორც ჟურნალისტები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები. როგორ აფასებთ ამ პროცესს და რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას?

- ეს ქმედებები იმ ადამიანების წინააღმდეგ კი არაა მიმართული, ვისაც სასამართლოში იბარებენ, ისინი ისედაც აქტიურები არიან და რომ ეშინოდეთ, არც ამ ნაბიჯებს გადადგამდნენ. მიზანი სწორედ მათზე ნაკლებად აქტიური, "ჩუმად მყოფი“ საზოგადოების დაშინებაა – მათთვის უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების კრიტიკა დაუშვებელია. ეს არის კლასიკური სიგნალი: ვინც გაბედავს, ის დაისჯება. ხელისუფლება ცდილობს, ყველა გააჩუმოს, ვინც ხმამაღლა ლაპარაკობს და კრიტიკულად უდგება მათ მმართველობას.

- შეიძლება თუ არა, ეს ნაბიჯები წინასაარჩევნოდ გათვლილი ტაქტიკის ნაწილად მივიჩნიოთ?

- რა თქმა უნდა. მათი მოქმედებების მთავარი ლოგიკა წინასაარჩევნო კონტექსტში ჯდება. ცდილობენ გაასუფთაონ კრიტიკული ველი, რათა არ გაჩნდეს კითხვები ამომრჩევლის მხრიდან. ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ხელისუფლება რთულ მდგომარეობაშია – დასავლეთთან ურთიერთობა ვერ გამოსწორდა, ამერიკასთან გადატვირთვა არ ჩანს, პირიქით, კრიტიკა მძაფრდება ევროპიდანაც. ამ ფონზე მათ სურთ, მინიმუმამდე დაიყვანონ კრიტიკული ხმა, რომელიც „ოცნების“ ამომრჩეველზეც მოახდენს გავლენას.

- ბოლო დროს სასამართლო პროცესი ორივე მხარისთვის – ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც – ბრძოლის ველად იქცა. რა გზავნილებია ამ პროცესით საზოგადოებისთვის და რა ტიპის პოლიტიკურ პროცესში ვართ?

- ხელისუფლება ცდილობს გაანადგუროს ის „შუა რგოლი“, რომელსაც კარგად ესმის, რა რეალური საფრთხეებთან გვაქვს საქმე. ეს ის ფენა ან ჯგუფია, რომელსაც აქვს საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის უნარი. ხელისუფლების ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია სოციალური სტაბილურობა – დახმარება, სამსახური, ოჯახში მშვიდობა. ისინი შესაძლოა, "ოცნების“ მხარდამჭერები არ იყვნენ გულით, მაგრამ რაღაც სიკეთეს მაინც ელიან. სწორედ ამ ფენაზე ზეწოლით ცდილობს ხელისუფლება, რომ კრიტიკული აზრი არ მიაღწიოს მათამდე. თუ სასამართლო პროცესზე იქნება დაპირისპირება, ჩხუბი, შეურაცხყოფა – ეს იქნება გზავნილი: "ჩვენ არაფრის შეგვრცხვება და ყველას გავუმკლავდებით". ესაა ბრძოლა იმაზე, ვინ მოახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე უფრო ძლიერ გავლენას.

- ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები მოჰყვა მინისტრ გომელაურის წასვლას. თქვენი შეფასებით, რას ემსახურება ეს პროცესები – სახელმწიფო სტრუქტურების „გაწმენდას“ დასანქცირებული მაღალჩინოსნების თუ პრემიერ კობახიძის ძალაუფლების კონსოლიდაციას?

- მე ამას უფრო კობახიძისადმი სრული ძალაუფლების გადაცემად აღვიქვამ. სანქცირებული პირების გაშვება რომ პრინციპის გამო ხდებოდეს, მოსამართლეებიც უნდა გაეშვათ. მაგრამ ხედავთ, მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვები ხელუხლებლად რჩებიან. რატომ? იმიტომ, რომ ისინი, მათი აზრით, პროფესიონალები არიან და ვერ იპოვიან მათნაირებს. ამიტომ აქ ორი რამ ემთხვევა ერთმანეთს: ერთი მხრივ, ფარისევლური მოქმედებაა – ვითომ სანქცირებულებს უშვებენ, ხოლო მეორე მხრივ, კობახიძეს აძლევენ სრულ „კარტ ბლანშს“. ივანიშვილმა დაინახა, რომ კობახიძე არამხოლოდ ერთგულია, არამედ ბევრად ეფექტურად ახორციელებს რადიკალურ კანონებს – იქნება ეს „გამჭვირვალობის კანონი“, „გრანტების კანონი“  ან სხვა. ღარიბაშვილს, როგორც ჩანს, რაღაც ადამიანური საზღვრები ჰქონდა, კობახიძეს კი – არა. ის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლებისთვის და ივანიშვილმაც ეს დააფასა.

- დღეს როდესაც „ქართული ოცნება“ საარჩევნო სტრატეგიაზე მუშაობს, რომელი სცენარი უფრო აწყობს მათ – ოპოზიციის ბოიკოტი, ნაწილის მონაწილეობა თუ ერთიანი ფრონტით მონაწილეობა?

- "ოცნებისთვის" ყველაზე სასურველი სცენარია ოპოზიციის სრული ბოიკოტი. ყველაზე არასასურველი კი – ოპოზიციის სრული მონაწილეობა, რაც დიდ ქალაქებში მათთვის სერიოზულ პრობლემებს შექმნის. 64 მუნიციპალიტეტში ტარდება არჩევნები და გაყალბება ასე ფართო მასშტაბით ძალიან დიდი რისკია. ამიტომ მათ სჭირდებათ არჩევნების ლეგიტიმაციის გარანტია. სანქციები მათ კი არა, მათ ამომრჩეველზე მოქმედებს და ეს აშინებთ. ასეთ სიტუაციაში შესაძლოა ხელოვნური ოპოზიცია შექმნან – ისეთი, რომელიც ფორმალურად მიიღებს მონაწილეობას და არჩევნებს ჩატარებულად გამოაცხადებენ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში ვინმე ჩაუღრმავდება, რეალური ოპოზიცია იყო თუ არა, ძალიან შემცდარა. "ოცნება“ იტყვის, რომ აი, ხალხი მოვიდა, ოპოზიციამაც მიიღო მონაწილეობა და გავიმარჯვეთო. ამიტომ ოპოზიციას უნდა ეყოს გონება, რომ ეს სცენარი არ აიხდინოს  ხელისუფლებამ და მიიღოს მონაწილეობა, რათა რეალურ კონკურენციაში მაინც შეძლოს გამარჯვება, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. 

ელზა პაპოშვილი

Advertisement