Logo

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დიმიტრი სანაკოევი გამოჰკითხა

პოლიტიკა
413
Frontnews image description

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დიმიტრი სანაკოევი გამოჰკითხა.

დიმიტრი სანაკოევის განცხადებით, 2007 წლის მაისში იგი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელად დაინიშნა, რაც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას მოიცავდა.

მან ისაუბრა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის მიზნებზე, ამოცანებზე, ადმინისტრაციის საქმიანობაზე და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობებზე, ასევე კონფლიქტის მოგვარების მიზნით შექმნილ შერეულ საკონტროლო კომისიაზე.  მისივე თქმით, დროებითი ადმინისტრაციის კურატორი შინაგან საქმეთა სამინისტრო, კერძოდ, მინისტრის მოადგილე ამირან მესხელი იყო.

დიმიტრი სანაკოევის განცხადებით, ცხინვალის მხარე რეგიონში მდგომარეობას პერიოდულად ძაბავდა, რაზეც ქართული მხარე პასუხობდა. მისი აზრით,  საქართველოს ხელისუფლებას ხანდახან მაინც თავი უნდა შეეკავებინა პასუხის გაცემისგან, რადგან ეს კონფლიქტის ზონის მოსახლეობაში ნდობას ანგრევდა.

მან ასევე გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდი. როგორც დიმიტრი სანაკოევმა აღნიშნა, 7 აგვისტოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას უთხრა, რომ  თუ  ცხინვალიდან დარღვევები გაგრძელდებოდა, მაშინ ქართული მხარე ცხინვალში შევიდოდა და ეს შეთანხმებული იყო, რაზეც მან პრეზიდენტს განუცხადა, რომ სწორედ ამ ნაბიჯს ელოდებოდა რუსეთი. დიმიტრი სანაკოევის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ ვისთან იყო შეთანხმებული ცხინვალში შესვლის გადაწყვეტილება.

როგორც დროებითი საგამოძიებო  კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, დღეს დილით, კომისიის სამმა წევრმა -  სოზარ სუბარმა, თენგიზ შარმანაშვილმა და ილია ინჯიამ პაატა დავითაია გამოჰკითხეს.

"ეს იყო მისი დამატებითი გამოკითხვა, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. ეს არ გახლდათ დახურული სხდომის ფორმატი. ეს იყო კომისიის სამი წევრის მიერ პირის გამოკითხვის ფორმატი. ამ გამოკითხვის აუდიო ჩანაწერი და ბატონი პაატასგან მიღებული შესაბამისი მასალები დაერთვება ჩვენი კომისიის სხდომის მასალებს. როგორც ჩვენი წევრებისგანაა ცნობილი,  პაატა დავითაიას მიმართ კითხვა იმ ვიდეო ჩანაწერთან დაკავშირებით დაისვა, სადაც ის ჟურნალისტს ეუბნება - „ომი ამათ დაიწყეს“. ჩვენ გვაინტერესებდა „ამათ“  და „ომი დაიწყეს“ რას ნიშნავს. დანარჩენი ყველაფერი  საქმის მასალებში იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები