Logo

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა

პოლიტიკა
2 საათის წინ / 20:29
22
Frontnews image description

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.

კომისიამ ბიზნესის რეკეტის, ქონების მისაკუთრების მიზნით მესაკუთრის დაპატიმრების, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე - გურამ თირქიას, გოდერძი თირქიას, თამაზ წულაიას, დავით ქანთარიას და ბესარიონ ხვინთელიანის ახსნა-განმარტება მოისმინა.

როგორც გურამ თირქიამ განაცხადა, გიგი უგულავამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობისას, მის დისშვილს, ბიზნესმენ ანზორ კიკალიშვილს ახალი ხელისუფლების დახმარების მიზნით, 5 მილიონი აშშ დოლარის ჩარიცხა მოსთხოვა, სანაცვლოდ კი, გურამ თირქიასთვის ერთი სასტუმროს აშენებას შეჰპირდა. მისივე თქმით, უარის მიღების  შემდეგ გიგი უგულავა ანზორ კიკალიშვილს მისი ბიძისთვის ყველაფრის წართმევით დაემუქრა.

გურამ თირქიას განცხადებით, მოგვიანებით,  სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია მისგან  41 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის გადაცემას ითხოვდა.

გურამ თირქიას თქმით, ზეწოლის მიზნით, დროებით დაკავებული ჰყავდათ მისი მეუღლე და შვილი, მას კი 10 წლით ციხეში ჩასმით ემუქრებოდნენ.

როგორც მან განაცხადა, ზეწოლის შედეგად მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს გადაუფორმა, რის შემდეგაც 5-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.

"ჩემი დაკავება  სურდათ იმისთვის, რომ შემდგომში ანზორ კიკალიშვილისთვის ფული გამოეძალათ“, - განაცხადა გურამ თირქიამ და დასძინა, რომ მისთვის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის საქმის კურსში იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშინდელი გუბერნატორი ზაზა გოროზია და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

აღნიშნულ საქმეზე კომისიას ახსნა-განმარტება ასევე მისცა გურამ თირქიას შვილმა, გოდერძი თირქიამ.

დროებით საგამოძიებო კომისიას  ზუგდიდში არსებულ უნივერმაღ „ენგურის“ საქმეზე ახსნა-განმარტება მისცა თამაზ წულაიამ.

როგორც მან აღნიშნა, იგი უნივერმაღ „ენგურის“ ყველაზე დიდი აქციონერი იყო და მისგან წილის დათმობა მოითხოვეს, უარის შემდეგ კი, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა როლანდ ახალაიამ ის, ორ ვაჟთან ერთად, დააკავა.
თამაზ წულაიამ დეტალურად ისაუბრა თუ როგორ წაართვეს უნივერმაღ „ენგურის“ სხვა აქციონერებს წილები და ასევე, როგორ მიითვისა როლანდ ახალაიამ ზუგდიდში კიდევ 21 ობიექტი.

მისივე თქმით, როლანდ ახალაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ზაზა გოროზიამ მას ანაკლიაში მიწის ნაკვეთიც წაართვეს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცოტა ხნის წინ დაიბრუნა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დავით ქანთარიამ განაცხადა, რომ  ფოთის მერად მუშაობის პერიოდთან დაკავშირებით როლანდ ახალაიამ ცრუ ბრალდებით ორჯერ დააკავა.
მისივე თქმით, 2004 წელს მას ბრალად წაუყენეს მერიის მიერ აღებული ბანკის კრედიტის გადაუხდელობა, ხოლო  2006 წელს - მოქალაქეებისთვის დახმარებების გაცემა.

როგორც დავით ქანთარიამ აღნიშნა, პირველი პატიმრობის დროს მას დიაბეტი განუვითარდა, ხოლო მეორე პატიმრობის დროს, არასწორი მკურნალობის გამო, ორივე თირკმელი დაუზიანდა.

მისივე თქმით, "ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როლანდ ახალაიამ სამეგრელოში 400-ზე მეტი ჩინოვნიკი გამოგონილი ბრალდებით დააკავა.

უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა ბესარიონ ხვინთელიანმა. მისი განცხადებით, 2010 წელს, თაღლითობის გამოგონილი ბრალდებით იგი დააკავეს, მთელი ქონება დაუყადაღეს, შემდგომში კი, ქონების ნაწილი ჩამოართვეს.

მან დეტალურად ისაუბრა გლდანის მე-8 და რუსთავის მე-16 საპყრობილეებში მისი და სხვა პატიმრების ცემისა და წამების ფაქტებზე.

როგორც ბესარიონ ხვინთელიანმა აღნიშნა, ციხეში მან სხეულის დაზიანებები მიიღო, ინფარქტი გადაიტანა და მოციმციმე არითმია განუვითარდა.

მისივე თქმით, ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის საშუალებით, ხელისუფლება 5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, საპროცესო გარიგებას სთავაზობდა.

ბესარიონ ხვინთელიანის  მოსაზრებით, ვინაიდან მას დაფუძნებული ჰქონდა პოლიტიკური პარტია, ჰქონდა ფინანსური რესურსი, საქართველოში შემოჰქონდა უცხოური ინვესტიციები, ავტორიტეტით სარგებლობდა აფხაზეთიდან დევნილებში, წინა ხელისუფლებამ მასში პოლიტიკური საფრთხე დაინახა და სწორედ ამიტომ გახდა მათი სამიზნე.

მან ასევე  მისი ოჯახის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. კერძოდ, არაოფიციალურად ორჯერ დააკავეს და დაკითხეს მისი მეუღლე, რის გამოც იგი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

ბესარიონ ხვინთელიანის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იგი როგორც პოლიტპატიმარი, ციხიდან გათავისუფლდა.

როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიის მორიგი სხდომა 19 მაისს გაიმართება.

"ორშაბათს, სხდომას  2011 წლის 26 მაისის თემის შესწავლით გავხსნით. სხდომაზე მოწვეული არიან ძალიან მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის თვალსაჩინო პირები, რომლებიც გვიამბობენ 2011 წლის 26 მაისს, გამთენიისას რა ჩაიდინა სააკაშვილმა და როგორ ჩაიბარა სამხედრო აღლუმი საკუთარი ხალხის ძვლებზე და სისხლით მორწყულ რუსთაველის  გამზირზე“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

 

Advertisement