Logo

პარლამენტმა მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პოლიტიკა
256
Frontnews image description

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა "საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ³-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 4.5 ლარის ოდენობით.

„საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების ძირითადი ნაწილი 6 წელზე მეტი ასაკისაა, რაც განაპირობებს ავტოპარკის მნიშვნელოვნად მოძველებულ სტრუქტურას. ხანდაზმული ავტომობილები გამოირჩევა მავნე ნივთიერებების მაღალი ემისიით, საწვავის დაბალი ეფექტურობით და ტექნიკური ცვეთის მაღალი დონით. ტექნიკურად მოძველებული ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა ასევე ზრდის გარემოს დაბინძურების რისკებს, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის. არსებული მოდელი არ შეესაბამება სახელმწიფოს პრიორიტეტებს ავტოპარკის განახლების, გარემოს დაცვისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში. სწორედ ამ მნიშვნელოვანი გამოწვევიდან გამომდინარე მომზადდა კანონპროექტი, რომელიც მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის მოდელის ცვლილებას ითვალისწინებს“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე მომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.

მისივე თქმით, მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის შენარჩუნებულია შეღავათიანი - ძირითადი განაკვეთის 60%-ით შემცირებული განაკვეთი, ხოლო მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის განსაზღვრულია ძირითადი განაკვეთის გასამმაგებული განაკვეთი.

ირაკლი ხელაძის განცხადებით, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს, რომლის შესაბამისადაც თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოში შემოყვანილია ან დაწყებულია მისი ტრანსპორტირება პირველ აპრილამდე, გამოყენებული იქნება ცვლილების ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები.

ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვითაც ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი განაკვეთები გავრცელდება ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის პირველ ივნისამდე შემოყვანის შემთხვევაში.

მომხსენებლის თქმით, ცვლილება შედის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონშიც, რომლის თანახმად, იცვლება კლასიკურ ავტომობილად მიჩნევის კრიტერიუმი - ასაკობრივი ზღვარი.

ახალი რეგულაციის თანახმად, კლასიკურ ავტომობილად ჩაითვლება ავტომობილი, რომლის წლოვანება 30 წელს აღემატება, ნაცვლად მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული 40 წლისა.

პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას 81 ხმით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები