Logo

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პოლიტიკა
13.06.2023 / 19:56
Frontnews image description

პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა.

 

პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა 82 ხმით დაუჭირეს მხარი კანონპროექტის პირვანდელ პროექტს. 

 

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების აუცილებლობა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განმარტა. მისი განცხადებით, კანონის ძველი რედაქციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ერთ-ერთი მოადგილე ასრულებდა, თუმცა კანონში გაწერილი არ იყო თუ რომელი ვიცე-პრეზიდენტი აღასრულებდა მის უფლებამოსილებას. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებებით კი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. 

 

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, მან ვერ მოისმინა ის არგუმენტები თუ რატომ არის საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოტანის წინააღმდეგი და თუ რა რისკებს და საფრთხეებს შეიცავს ახალი აღმასრულებელი სუბიექტის თანამდებობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოტივირებული შენიშვნები დღეს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარადგინა. მან პარლამენტის მიერ 9 თებერვალს მიღებულ „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მხრიდან დოკუმენტზე ხელის არ მოწერის მიზეზები განმარტა და აღნიშნა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის – ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის შემოღება მაშინ, როდესაც სამი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ისედაც არსებობს, აუცილებლობას არ საჭიროებდა.

თაგები:

ვეტო
Advertisement