
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტმა 82 ხმით, 11-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებს შორის დავის საკითხს შეეხება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, წარმოდგენილ საკითხს არანაირი კავშირი აქვს იმპიჩმენტის პროცედურასთან.
“იმპიჩმენტს ყავს სხვა სუბიექტთა წრე და სხვა პროცედურა აქვს. წარმოდგენილი პროექტით, თუ ეროვნული ბანკის, გენერალური პროკურორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სხვა კონსტიტუციურ ორგანოთა მიერ დაისმება საკითხი, რომ მათ უფლებამოსილებაში მოხდა შეჭრა, რაც კონსტიტუციურ ჩარჩოს არ შეესაბამება და სურს ეს დადასტურდეს რომ ეს ასეა, ამისთვის ხდება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა. ეს არ არის იმპიჩმენტის პროცედურა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცვლილების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ რომელიმე მათგანის სამართლებრივი აქტით, მოქმედებით ან უმოქმედობით სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფილ იქნა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება.
პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს იმ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ან იმ მოქმედების ან უმოქმედობის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილება.
საკონსტიტუციო სასამართლო, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენისას ამოწმებს მისი შინაარსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი.
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს