პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება

ავტორი
Front News საქართველო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატს ქეთევან ჩაჩავას მოუსმინა.
კანდიდატის განცხადებით, ევროპული, ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემისა და დაცვის უმაღლეს სტანდარტს, განვითარების, კეთილდღეობისა და ბედნიერების შესაძლებლობას გულისხმობს.
“წლების განმავლობაში ვიბრძვი, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი გახდეს რეალობა და ხელშესახები სიკეთე ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის. სახალხო დამცველის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიტუციურ მექანიზმს განსაკუთრებული როლი აქვს დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. ხელისუფლებას იმდენი უფლება აქვს, რასაც მას კანონი ანიჭებს, ადამიანს კი აქვს ყველა უფლება, რასაც კანონი არ უკრძალავს. ჩემთვის სწორედ ეს პრინციპებია ის, რასაც ემსახურება სახალხო დამცველი“, – განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.
სახალხო დამცველობის კანდიდატმა ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
პარლამენტში წარდგენილი სახალხო დამცველობის 19 კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უკვე 13 კანდიდატს მოუსმინა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ერთ-ერთმა კანდიდატმა ნიკოლოზ ნიკოლაძემ კომიტეტს მიმართა და სახალხო დამცველის თანამდებობაზე შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.
თაგები:
პარლამენტი




