Logo

პარტიის ინფორმაციით, “საქართველოსთვის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს მოსახლეობასთან შეხვედრაზე შუქი გამოურთეს

პოლიტიკა
936
Frontnews image description

ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიაში “საქართველოსთვის” აცხადებენ, რომ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს ვატო გვაზავას მოსახლეობასთან შეხვედრაზე განათება გამოურთეს. 

 

პარტიის ცნობით, შეხვედრა 16 სექტემბრის საღამოს, ოქროყანაში სპორტულ მოედანზე გაიმართა.

 

მას შემდეგ რაც პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატთან შესახვედრად დიდი რაოდენობის  მოქალაქეები შეიკრიბენ, მოედნის განათება ყველასთვის მოულოდნელად გაითიშა. შეხვედრის დასრულების შემდგომ კი განათება აღდგა. 

 

ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, ასეთი შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა.

 

პარტია „საქართველოსთვის“ შეხვედრა განათების გამორთვის მიუხედავად არ ჩაშლილა და  მობილური ტელეფონების განათებით გაგრძელდა. 

 

მოსახლეობა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს საკუთარი რაიონის პრობლემებსა და მოსაგვარებელ საკითხებზე ესაუბრა: შეხვედრაზე განიხილეს ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი დაურეგისტრირებელი მიწები, წყლის გაუმართავი მილები, რომლებიც ზამთრის პერიოდში სკდება და მოსახლეობა წყლის გარეშე რჩება, აფთიაქის არარსებობა და სხვა საკითხები.

 

“ხალხმა მშვიდად და გაჭირვების გარეშე უნდა იცხოვროს. მეც ახალი პოლიტიკოსი ვარ. ექიმი ვარ და ვიცი რამდენი რამეა შესაცვლელი. ამიტომ ვარ აქ, თქვენს გვერდით, რადგან მინდა რომ მშვიდად და უსაფრთხოდ ვიცხოვროთ. ჩვენ არჩევნების მერე სხვებივით არ დავიკარგებით და კვლავ თქვენს გვერდით ვიქნებით“  – განაცხადა ვატო გვაზავამ და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განხილული პრობლემების გადაჭრა რეალურია. 

Advertisement