პატრიარქი - დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლის ღვრა და ომი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი

ავტორი
Front News საქართველო
ქრისტეს სახარებით გახარებულო, ზეციური მადლითა და უფლის წყალობით აღვსილო რჩეულო მართლმადიდებელო ერო, ცხოველსმყოფელი რწმენით, იმედითა და სასუფევლის დამკვიდრების სურვილით აღძრულო სამწყსოვ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ცისა და ქვეყნის მოლოდინის გამობრწყინებას, – უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს შობას, – ამის შესახებ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული.
„დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი და ღვთისადმი სიყვარულით აღძრული ჩვენი გონება, სული და გული ანთებული სანთლით სულიერად უნდა წარემართოს წმინდა მიწისკენ, რათა, ქალდეველ მოგვთა და ბეთლემში მყოფ მწყემსებთან ერთად, ანგელოზთა გუნდს შევუერთოთ ჩვენი ხმაც და სიხარულით აღმოვთქვათ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“
ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები, ჩვენი ხსნისათვის განკაცებულო, ბეთლემს შობილო ყრმაო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, ზეციურნო ძალნო, ყოველნო წმინდანო ღვთისანო, დაგვლოცეთ და დალოცეთ სრულიად საქართველო, მკვიდრნი მას შინა, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამემამულენი; მშვიდობა მომადლეთ მსოფლიოს, განგვაშორეთ სიმძიმე ჩვენი დაცემული ბუნებისა, ერთობითა და ჭეშმარიტი სიყვარულის ნიჭით გვაკურთხეთ და ღვთის თანაზიარნი გვყავით ყოველნი“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.
თაგები:
საშობაო ეპისტოლე




