Logo

პეტრე ცისკარიშვილი - ჩვენი ვალია, დავიცვათ სიმართლე, გიორგი ანწუხელიძის და სხვა გმირების სახელი და მშვიდობიანი პროტესტით დავასრულოთ ეს ხელისუფლება

პოლიტიკა
241
Frontnews image description

“დღეს ღალატის კომისია ცდილობს ისტორიის გადაწერას, ღირსებისა და პატრიოტიზმის ამოშლას, მაგრამ ჩვენი ვალია, დავიცვათ სიმართლე, გიორგი ანწუხელიძის და სხვა გმირების სახელი, პატივი მივაგოთ მათ სულებს და მშვიდობიანი პროტესტით დავასრულოთ ეს ხელისუფლება, სანამ ისინი რუსულ ისტორიას სკოლებში შეიტანენ”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

“დღეს ჩვენ მოვედით გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან, რომ პატივი მივაგოთ გიორგის ხსოვნას და აქვე პატივი მივაგოთ ყველა იმ გმირის ხსოვნას, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი ქვეყანა რუსეთის აგრესიის იმ ხუთდღიან პერიოდში, ისევე როგორც დაახლოებით 60 ჩვენი თანამოქალაქე, გმირი დაიღუპა უკრაინის მიწაზე ბოლო სამ წელიწად-ნახევარში, რადგან ისინიც სწორედ ზუსტად ისევე, როგორც გიორგი, იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის. ჩვენი ვალია თითოეული ქართველის, რომ ამ გმირებს ყოველთვის პატივი ვცეთ, რადგან ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცოდნენ რა არის გმირობა და თავდადება.

ჩვენ ვხედავთ ბოლო 6 თვის განმავლობაში როგორ მუშაობდა ე.წ კომისია, სინამდვილეში ღალატის კომისია, რათა გადაეწერათ არა მხოლოდ საქართველოს ისტორია, არამედ ქართული ფასეულობები, გაეუქმებინა ისეთი ღირებულებები როგორიც არის თავმოყვარეობა, ღირსება, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი, პარალელურად რასაც აკეთებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, ცდილობენ ჩვენი პარტიის გაუქმებას, მიხეილ სააკაშვილისთვის დამატებითი ბრალის შეთითხნას და აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ამოცანები, მაგრამ მთავარი მიზანი იყო საქართველოს ისტორიის გადაწერა პუტინის დავალებით, რადგან სამ წელიწად-ნახევარი წლის წინათ ყველამ იხილა თუ როგორ დაესხა თავს უკრაინას და ახლა უნდათ, რომ დაანახონ მთელ მსოფლიოს თავისი ქართველი კოლაბორანტების ხელით, რომ სინამდვილეში სხვებიც არიან თურმე რუსეთის წინაშე დამნაშავეები და ეს სხვა ამ შემთხვევაში არის ქართული სახელმწიფო, მაგრამ არ გამოუვათ არაფერი, რადგან ისტორიას დაწერენ როგორც ისტორიის მცოდნეები, ასევე ამ ქვეყნის პატრიოტები, ასევე ადამიანები ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან და ის მცდელობები, რაც აქვს წულუკიანს, რომ სკოლაშივე ასე ასწავლონ, მაგრამ ნუ ჰგონიათ, რომ იქამდე ხელისუფლებაში იქნებიან და ნუ ჰგონიათ, რომ სკოლაში ბავშვები ისწავლიან ასეთ ისტორიას.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავამხოთ ეს რეჟიმი ყოველგვარი ძალადობის გარეშე, რადგან რაც მეტი ადამიანი იქნება ქუჩებში შემდეგი კვირების განმავლობაში, თუნდაც 4 ოქტომბერს, მით უფრო სწრაფად და მშვიდობიანად მოხდება ამ რეჟიმის დამხობა და ვეღარ მოახერხებენ ისტორიის სახელმძღვანელოების დაწერას, როგორც მათ სურთ”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

 

Advertisement