ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოების კრებაზე მოსახლეობის აცრასთან დაკავშირებით იმსჯელეს

ავტორი
Front News საქართველო
ფოთის საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოების კრება გაიმართა. კრებას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი უძღვებოდა.
ეპარქიის ინფორმაციით, კრების მონაწილეებმა იმსჯელეს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიური ვითარების შესახებ. ტაძრების წინამძღვრებს დაევალა ეპარქიის ეკლესია-მონასტრებში ზედმიწევნით დაიცვან სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები და რეკომენდაციები (პირბადის ტარება, ღმრთისმსახურებაზე დამსწრეთა შორის აუცილებელი დისტანციის დაცვა, სადეზინფექციო საშუალებები და სხვა).
“კრებაზე განსაკუთრებული ხაზგასმით და მადლიერებით აღინიშნა სამედიცინო დაწესებულებათა პერსონალის ღვაწლის შესახებ, რასაც ისინი აღასრულებენ უკიდურესად მძიმე ეპიდემიურ ვითარებაში ზენორმატიული, მუხლჩაუხრელი და თავდაუზოგავი შრომის პირობებში.
მსჯელობა გაიმართა მოსახლეობის აცრასთან (ვაქცინაციასთან) დაკავშირებულ მითებსა და სხვადასხვა საეჭვო (სპეკულაციური) ინფორმაციების შესახებ, რაც ადამიანებში იწვევს უსაგნო შიშებს, დაბნეულობას და უნდობლობას მედიცინის თანამედროვე შესაძლებლობათა მიმართ, რიგ შემთხვევაში კი რელიგიურ კონტექსტში აღძრავს სახიფათო მოლოდინებს.
საკითხის მიმართ მსჯელობისას გამოითქვა აზრი, რომ მედიცინის მუშაკთა და ზოგადად, მედიცინის თანამედროვე მიღწევებისადმი უნდობლობის გამოცხადება ცოდნისა და რწმენის დაპირისპირების ნიშნებს ატარებს; კაცობრიობის სულიერ-ინტელექტუალური მემკვიდრეობა კი სწორედ ამ ორი ფენომენის – რწმენისა და ცოდნის დაახლოებასა და ურთიერთაღიარებაზეა ამოზრდილი.
შესაბამისად, ყოვლად გაუმართლებელი და დაუშვებელია სასულიერო პირთაგან აცრის საწინააღმდებო მოწოდებებით გამოსვლა: ჩვენ, ქრისტიანები, გამოცხადების მეშვეობით რწმენისკენ ვართ მოწოდებულნი, მაგრამ ეს მოწოდება სულაც არ ნიშნავს გონების უარყოფას.
ასევე აღინიშნა, რომ არსებობს ფუნდამენტური მნიშვნელობის ისეთი საკითხები, რაშიც სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობდეს საერთო თანხმობა. უამისოდ საზოგადოება ადვილად აღმოჩნდება მოწყვლადი სხვადასხვა გამოწვევის წინაშე.
ეპარქიის სამღვდელოების კრებამ ასევე იმსჯელა სამოძღვრო მსახურებისა და სამრევლოების სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.
კრების მეორე ნაწილში წაკითხულ იქნა მოხსენებები: „ქრისტიანობა და დემოკრატია“ – დეკანოზი კირიონ დარასელია; „ქრისტიანობა და ადამიანის უფლებები“ – დეკანოზი ამბროსი ხოშტარია;
მოხსენებების წაკითხვის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია, რაშიც აქტიურად ჩაერთო კრების ყველა მონაწილე; მომხსენებლებმა უპასუხეს თემასთან დაკავშირებით დასმულ არაერთ კითხვას; ასევე გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები.
მომდევნო საეკლესიო კრების გამართვის სავარაუდო თარიღად განისაზღვრა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერი”, – აღნიშნულია ფოთისა და ხობის ეპარქიის სამდივნოს ინფორმაციაში.
თაგები:
მეუფე გრიგოლი




