ფოთს განაშენიანების ახალი გენერალური გეგმა ექნება

ავტორი
Front News საქართველო
ფოთს განაშენიანების ახალი გენერალური გეგმა ექნება. ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და კონკურსში გამარჯვებული კომპანიის, ამხანაგობა „სითი სტუდია 9“-ის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხაიძემ მოაწერეს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტზე იმუშავებს არქიტექტურული კომპანიების ჯგუფი, რომელსაც ქალაქგეგმარების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. პროცესში ჩართულები იქნებიან ასევე უცხოელი ურბანისტთა ჯგუფი.
ხელშეკრულების შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული კომპანია ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს საპროექტო მომსახურებას, რაც მოიცავს ფოთის გენერალური და განაშენიანების გეგმის, ასევე მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის რევიზიას და განახლებას.
ქალაქის გენგეგმის შემუშავება ოთხ ეტაპად წარიმართება და მოიცავს: მოსამზადებელ კვლევებსა და საბაზისო ინფორმაციის ანალიზს; განვითარების ხედვას, სტრატეგიასა და სიცოცხლისუნარიანობის შეფასებას; ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციას, გენერალური და განაშენიანების გეგმას, მალთაყვის უბნის განაშენიანების დეტალურ გეგმას.
ქალაქის განვითარების მთავარი დოკუმენტი ფოთს მისცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო გაიზარდოს ქალაქის დაინტერესება როგორც ტურისტული, ასევე საინვესტიციო პოტენციალის მიმართულებით.
თაგები:
ფოთი




