Logo

პოლიციამ მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე დააკავა

Frontnews image description

პოლიციამ მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე დააკავა. არსებული ინფორმაციით, ქუთათელაძე წყალტუბოდან ნამახვანში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას პოლიციამ, უკანონოდ აღმართულ საზღვარზე შეპარვის მცდელობაში დასდო ბრალი და იზოლატორში გადაიყვანა.

აქტივისტი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევითაა დაკავებული. მის ინტერესებს "საია" იცავს.

მომხდარს "საქართველოს მწვანეთა მოძრაობაში" ეხმაურებიან.

"უკვე ერთი კვირა შესრულდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან წარმოუდგენლად დანაშაულებრივ ქმედებას ვადევნებთ თვალს. საკუთარ ქვეყანაში – ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნის მომსწრენი გავხდით, რომელიც შუაგულ ლეჩხუმში ამოქმედდა. პოლიციას უკანონოდ აქვს გადაკეტილი სოფელ ნამოხვანთან მისასვლელი გზები და აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს არც ტრანსპორტით და არც ფეხით (!) რიონის მოძრაობის კარვებთან, ხშირად საკუთარ სახლებში (!) არ უშვებს. 

 მიუხედავად ადგილობრივების, აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, მოთხოვნისა, სახელწიფო ამ წუთამდე ცდილობს, ავტოკრატიული მეთოდებით დაასუსტოს რიონის ხეობის მოძრაობა! ჩვენ მოვითხოვთ: აღდგეს ხეობაში მაცხოვრებლებისა და ჩვენი, დანარჩენი მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლება; გაიხსნას გზა ლეჩხუმის ხეობაში ‼️"-აცხადებენ "მწვანეთა მოძრაობაში".

ნამახვანისკენ მიმავალი გზა პოლიციამ მას შემდეგ გადაკეტა, რაც ჰესის მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. დღეს სამართალდამცველები არათუ ხალხმრავალ ჯგუფებს, იმ ხალხსაც კი არ უშვებენ რიონის ხეობის მოძრაობის კარვებთან, ვინც 4 თვეზე მეტია ამ კარვებში ცხოვრობს.

რიონის ხეობაში, ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტი 168-ე დღეა გრძელდება.

 

თაგები:

Advertisement